მოდელის ხელი

მოდელის ხელი

09.05.2014

ნუ გამოიყენებთ ფრჩხილებს არადანიშნულებისამებრ. შესაძლოა, ამ სიტყვებზე გაგეღიმოთ, მაგრამ თუ გაიხსენებთ, როგორ ცდილობდით ფრჩხილით ბოთლის საცობის ამოძრობას ან კონსერვის გახსნას, რჩევა არცთუ ულოგიკო მოგეჩვენებათ. 
ნუ მოიკვნეტთ ფრჩხილებს და ნურც კუტიკულას შემოაცლით. ნუნების ამოჭრა ფრჩხილს აშიშვლებს და ინფექცია იოლად იჭრება მის ქსოვილში. თუ ესთეტიკური მიზნით კუტიკულისგან გათავისუფლება მაინც გადაწყვიტეთ, ეცადეთ, ჰიგიენისა და ასეპტიკის ნორმები დაიცვათ. ამავე საფრთხეს უქადის ფრჩხილს კვნეტაც – ფრჩხილი და მის გარშემო არსებული ქსოვილი იოლად ინფიცირდება და პარონიქია ვითარდება. 
ეცადეთ, ფრჩხილები მშრალად და სუფთად შეინარჩუნოთ. სისველე ბაქტერიებისა და სოკოს გასამრავლებლად იდეალური გარემოა. ასე რომ, აბაზანის მიღებისა თუ აუზში ცურვის შემდეგ ფრჩხილები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ. 
თუ დიდხანს რეცხვა გიწევთ, აუცილებლად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები. ნურც ჭუჭყის ამოწმენდა დაგეზარებათ. სწორედ ჭუჭყიან ფრჩხილებში მრავლდება მავნე მიკროორგანიზმები ყველაზე სწრაფად. 
ეცადეთ, არ ამოიჭრათ ფრჩხილის გვერდითი ნაწილი და კანის უხეში წარმონაქმნები, რომლებიც ფირფიტას გვერდიდან აკრავს – ფრჩხილის ქსოვილი იოლად დაზიანდება. უმჯობესია, ფრჩხილი ჰორიზონტალურად მოიჭრათ და ეს ფორმა შეუნარჩუნოთ მომავალშიც. 
ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელი. მოჭერილი ფრჩხილს აზიანებს და შესაძლოა, მისი ჩაბრუნებაც კი გამოიწვიოს. 
გაითვალისწინეთ, რომ კვება ფრჩხილსაც სჭირდება. რაღა თქმა უნდა, ის ორგანიზმიდან იღებს საჭირო საკვებს, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ მასაც, როგორც კანს, მკვებავი ლოსიონებითა და კრემებით გავანებივრებთ. ფრჩხილს განსაკუთრებული კვება ლაქის მოცილების შემდეგ სჭირდება. 
ყურადღებით დააკვირდით ფრჩხილზე გაჩენილ ცვლილებებს. თუ ისინი მცირე ხნის შემდეგ თავისთავად არ გაქრა, არათუ არ გაქრა – სხვა სიმპტომებმაც იჩინა თავი, უთუოდ მიმართეთ ექიმს.
ოპერაცია “მანიკიური”: თუ გიყვართ ფრჩხილების დაფარვა ფერად-ფერადი თუ უფერული, მაგრამ ეფექტური ლაქით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფრჩხილის ფირფიტას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად კერატინის ფირფიტა ნელ-ნელა ზიანდება და სტრუქტურას იცვლის – თხელდება, მტვრევადი ხდება. თუ ფრჩხილის ფირფიტა შესამჩნევად გათხელდა:
გადაისვით გამამაგრებელი ეფექტის მქონე სპეციალური სამკურნალო საშუალება, ოღონდ მაქსიმალურად ერიდეთ ხსნარს, რომელიც შეიცავს ტოლუინის სულფონამიდსა და ფორმალდეჰიდს – ორივე მეტად ძლიერმოქმედი ნივთიერებაა, აღიზიანებს კანს და სიწითლეს აჩენს.
ლაქის ერთ ფენაზე მეტს ნუ გადაისვამთ. საზოგადოდ, ლაქი ფრჩხილს ტენის შენარჩუნებაში ეხმარება, მაგრამ მისი სქელი ფენა უკუეფექტს იწვევს.
ეცადეთ, ლაქის მოსაცილებელი უაცეტონო სითხე შეიძინოთ. თუ ხსნარი აცეტონს შეიცავს, კვირაში ერთ ჯერზე მეტად ნუ გამოიყენებთ.
მიიღეთ ბიოტინი. 2,5 მგ საკმარისია, რომ ფრჩხილი გასქელდეს.
ფრჩხილის სტრუქტურა მკაცრი დიეტის დროსაც იცვლება, ასე რომ, თუ საკუთარ ფრჩხილებზე ზრუნავთ, ნუ იშიმშილებთ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge