რაულ ჩილაჩავა: „მაიდანზე, ეკლესიის ახლოს...“

რაულ ჩილაჩავა: „მაიდანზე, ეკლესიის ახლოს...“

31.05.2014

ნაწყვეტი რაულ ჩილაჩავას წიგნიდან „მაიდანზე, ეკლესიის ახლოს...“ 
(ქრონიკა-რეპორტაჟი უკრაინიდან)

„პუტინმა შესძლო ის, რაც ვერავინ შესძლო. მან გააერთიანა უკრაინელი ხალხი“, - -წერს ცნობილი რუსი დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი. ეს საკმაოდ სწორი დასკვნაა და მეც ასე მგონია, რადგან დღეს უკრაინელთა უმრავლესობა ანტიპუტინისტია და სწორედ მასში ხედავს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის უპირველეს მტერს. და მაინც, როცა კიევის მაიდანზე ბანდერას პორტრეტი ჰკიდია, ხოლო კრამატორსკის ბლოკპოსტზე კი ლენინისა, ვფიქრობ, პუტინის გარდა კიდევ რა ისეთი ძალა არსებობს, რომელიც იდეოლოგიურად და რელიგიურად თითქმის გახლეჩილ უკრაინას გააერთიანებდა არა მხოლოდ სიტუაციურად, არამედ საბოლოოდ! საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა და ეკონომიკური თანადგომა თავისთავად ბევრს ნიშნავს, მაგრამ რაოდენ პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს, უკრაინის მთავარი გასაჭირი მისი საშინაო საქმეებია. პრობლემურ რეგიონებში მას ჰყავს აბსოლუტურად გახრწნილი ხელისუფლება და მოღალატურად განწყობილი მოსახლეობა, რაც ართულებს და თითქმის შეუძლებელს ხდის იქ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. რუსეთის ფაქტორი კი რუსულენოვან სამხრეთ-აღმოსავლეთში უზარმაზარია, რასაც კიევი, სამწუხაროდ, ვერაფერს უპირისპირებს. გარეშე მტერი აერთიანებს ხალხს, მაგრამ არ აერთიანებს მას ხელისუფლებასთან, რადგან დონბასის მოსახლეობის აქტიური ნაწილი, რომელიც ქუჩაში გამოდის და პროტესტს გამოხატავს, მტრად სწორედ კიევურ მთავრობას მიიჩნევს და არა რუსეთის მიერ შემოგზავნილ ტერორისტებს. უკრაინის თებერვლის რევოლუციამ გვიჩვენა, რომ ხალხმა მაიდანზე გაიმარჯვა, მაგრამ დამარცხდა პარლამენტში, სადაც ძველებურად სხედან და ანტიუკრაინულ საქმეებს აკეთებენ სეპარატისტები. ბევრი მათგანი პრეზიდენტობის კანდიდატია, სარგებლობს დამატებითი ხელშეუხებლობით, დადის სახელმწიფო დაცვის თანხლებით და გვეპოზიორება ბილბორდებიდან თუ ტელეეკრანებიდან. მათ პოლიტიკური ამინდის შესაბამისად შეცვალეს რიტორიკა, მაგრამ ყველა გრძნობს და ხვდება, რომ შინაგანად ისეთივენი დარჩნენ. რევოლუციამ ვერ მოგვცა მკაფიო ლოზუნგი, იდეა, რომელიც განსაზღვრავდა ქვეყნის პოსტმაიდნური განვითარების გზებს. დამოუკიდებლობის წლებში დემოკრატიული სამყაროს მიერ დაშვებული იქნა ბევრი შეცდომა, რომელთა მწარე ნაყოფსაც ახლა ვიმკით. უპირველესად არ იქნა გათვალისწინებული რუსეთის მენტალური თავისებურება, რაც მის მტაცებლურ ბუნებაში გამოიხატება. იმპერიას არა აქვს საზღვრები, მას აქვს პერიფერიები, რომლებიც მოითხოვენ მუდმივ გაფართოებას. ნებისმიერი ქვეყანა იმპერიის მიჯნაზე მისი პოტენციური მსხვერპლია. რუსეთმა გარკვეული ხნით თავი მოიკატუნა, რომ თითქოს განახლდა და დასავლურ ღირებულებებს აღიარებს. როცა მოღონიერდა, ბრჭყალებიც გამოაჩინა და ახალი პოლიტიკური და კულტურული იდეოლოგემაც შემოგვთავაზა: „რუსული სამყარო!“ ესაა პრაქტიკულად თანამედროვე რუსეთის განვითარები დოქტრინა, რომლის თანახმადაც ეს სამყარო მთავრდება იქ, სადაც მთავრდება რუსული ენის გამოყენების სფერო. ადრე შემოპარებული ტერმინი „რუსულენოვანი მოსახლეობაც“ ამ იდეოლოგიის ნაწილია, უფრო მეტიც - ძირითადი საყრდენია მისი. ახლა გადავხედოთ ყოფილი საბჭოთა კავშირის რუკას და დავინახავთ რა მკაფიოდ იკვეთება მასზე რუსი შოვინისტების მიერ ნალოლიავები „სამყაროს“ ავბედითი კონტურები. პუტინია აკვიატებული იდეაა შთაბეროს მას ახალი სიცოცხლე, უპირველესად კი გააერთიანოს „რუსული“ ქალაქები, რა თქმა უნდა, მათი ისტორიული „დედის“ კიევის ჩათვლით. პუტინი მიხვდა, რომ ამ სამყაროს ცენტრია კიევი და არა მოსკოვი. ტერმინი „რუს“ დასბამიდან აღნიშნავდა იმ ტერიტორიას, რომელსაც მოიცავდა „კიევსკაია რუს“ და შესაბამისად იქ მცხოვრებ მოსახლეობასაც. უკრაინელები, როგორც მათი ეთნოგენეზისის შედეგად წარმოშობილ ადამიანთა ერთობა, სახელწოდება „რუსს“ გაცილებით დასაბუთებულად და დამსახურებულად (უკრაინელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი „რუსინები“ დღესაც ცხოვრობს იმიერკარპატეთში), ვიდრე პეტრე პირველამდე არსებული მოსკოვიტები, რომლებმაც იგი მიითვისეს. თუ ისტორიული ფაქტების ლოგიკას მივყვებით, თანამედროვე რუსებს ანუ მოსკოვიტთა შთამომავლებს, არაფერი აქვთ საერთო არც მთავრინა ოლღასთან, არც იაროსლავ ბრძენთან, არც ვლადიმერ მონომახთან, არც იმ ქრისტიანულ ცივილიზაციასთან, რომელიც 988 წელს „კიევსკაია რუსის“ მონათვლით დაიეყო. გამოჩენილი უკრაინელი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი მიხაილო გრუშევსკი თავის ნაშრომში “ვინ არიან უკრაინელები და რა სურთ მათ” (1917), წერდა, რომ ძველად, ჯერ კიდევ ოლღასა და ვლადიმერის დროს, რომელმაც კიევის რუსეთი მონათლა, ჩვენს ქვეყანას რუსების ქვეყანა ერქვა. ველიკორუსული და ბელორუსული მიწებიც ამ სახელით იყო ცნობილი, რადგან ისინის კიევს ეკუთვნოდნენ. თათრებისა და მონღოლების შემოსევისას ძველი კიევის სახელმწიფო გაიყო და კიეველ მთავრებს უკვე ყურს არავინ უგდებდა. კიევის მიტროპოლიტი მოსკოვში გადაბარგდა, ხოლო გალიციისა და ვოლინის მხარეში საკუთარი მიტროპოლიტი აირჩიეს. ამიერიდან უკვე მოსკოვის მიტროპოლიტი იყო უპირველესი და უფროსი, მის მიტროპოლიას ერქვა “დიდი რუსეთი”, გალიციისას კი “მცირე რუსეთი”. ამ გაყოფიდან კიდევ საკმაოდ დიდხანს კიევისა და გალიციის მიწებზე მცხოვრები ხალხი საკუთარ ქვეყანას რუსთა ქვეყანას უწოდებდა. მას შემდეგ, რაც ბოგდან ხმელნიცკის დროს უკრაინისა და ბელორუსიის მიწები მოსკოვის მიწებთან გაერთიანდნენ (1654), იშვა სახელწოდებები “დიდი, მცირე და თეთრი რუსეთი”. მოსკოვიტების შთამომავლობამ, რა თქმა უნდა, იცის, რომ ფსევდორუსეთის ისტორია იწყება „ოქროს ურდოდან“ და უნგრულ-ფინური ტომების, თათრების, მორდველების, მეშჩერიაკებისა და სხვათა მრავალთა ნაზავიდან. მსგავსი მსჯელობით საერთოდ შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ პუტინის თანამემამულეები წარმოშობით საერთოდ არ არიან სლავები, თუმცა თავიანთი იმპერიული ყოფის პერიოდში ეროვნული იდენტობის უმთავრეს ნიშნად „პრავოსლავიე“ გამოაცხადეს, რომელიც მათი გაგებით (მე ასე ვფიქრობ) უფრო ორთოდოქსალურ სლავობას ნიშნავს, ვიდრე ქრისტიანობას. ცხადია, მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი თანაცხოვრების მანძილზე დღევანდელი რუსები გვარიანად აითქვიფნენ ნამდვილ სლავებში და დღეს მტკიცება იმისა, რომ მათ სლავობისა არაფერი სცხიათ, გადაჭარბება იქნება. მძლავრი იმპერიული და საბჭოთა პროპაგანდის გავლენით, რომელიც ამკვიდრებდა სამი ერის - რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების - სისხლისმიერი და სულიერი ძმობის თეორიას, სამივე ეთნოსში არსებობს გარკვეული ნათესაობის შეგრძნება, მაგრამ ყველაფერს აფუჭებდა და აფუჭებს ‘უფროსი ძმის“ სინდრომი, რომელიც რუსებმა ვერა და ვერ დაძლიეს. მიუხედავად ამისა, რუსეთის მოსახლეობას, ისევე როგორც უკრაინისას, რომელთა ნათესაობის უარყოფა ძნელია, არ სურს ერთმანეთთან ომი, ამიტომ პუტინი, ჩემი აზრით, ვერ გარისკავს სრულმასშტაბიანი შეტევის წამოწყებას, მაგრამ მისი აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია უკრაინამ გააკეთოს მკაცრი განცხადება: იგი იარაღით ხელში იბრძოლებს დამპყრობლის წინააღმდეგ, დასძლევს პაციფიზმის კომპლექსს და დაიცავს საკუთარ მიწა-წყალს. გლობალური გამოსავალი კი, ვფიქრობ, ერთადერთია: ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს პრინციპული დამოკიდებულების გამოვლენა რუსეთის ნეოიმპერიალისტური ზრახვების მიმართ და არა გაურკვეველი ლუღლუღი, რომელიც მათგან გვესმის. ადრე ვწერდი: რუსეთი ჩერდება იქ სადაც გააჩერებენ. გეოპოლიტიკა ისეთი ძაღლთაპირი რამეა, რომ მასში ერთდროულად სხვადასხვა ქვეყნის ბედი ინასკვება. უკრაინის მოვლენები სარკეა, სადაც სავარაუდოდ ჩვენი მომავალიც შეიძლება დავინახოთ. ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში არაფერია გამორიცხული. იქნებ სხვისი მაგალითიდან მაინც გამოვიტანოთ საჭირო დასკვნები და ჩასაფრებული უბედურების ნაწილი მაინც ავიცილოთ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge