შეხვედრა ევროპის სახლში

შეხვედრა ევროპის სახლში

05.06.2014

საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა ( ხელმძღვანელია საფრანგეთის საელჩოს მრჩეველი კულტურის სფეროში ბ-ნი ჟილ კარასო)  2014 წლის 5 ივნისს, 18 საათზე,  ევროპის სახლში (დირექტორი მაია ნიკოლეიშვილი) თემაზე: „რა შეცვალა  ჩემს ცხოვრებაში საფრანგეთში სწავლამ“ სასაუბროდ იუსტიციის  მინისტრი თეა წულუკიანი მიიწვია.  ევროპის სახლის საკონფერენციო დარბაზი მინისტრის ფრანგული გამოცდილების გაზიარების მსურველებით გაივსო.

მინისტრი წულუკიანი და საფრანგეთის ელჩი რენო სალენსი თითქმის ერთდროულად მოვიდნენ.  სანამ წულუკიანი საფრანგეთში სწავლის პერიოდზე საუბარს დაიწყებდა, მადლობა გადაუხადა  ფრანგულ ინსტიტუტს, საფრანგეთის ელჩს და ევროპის სახლს მოწვევისათვის. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ, სანამ ოპოზიციაში იყო, მას ევროპის სახლში აღარ უშვებდნენ... წულუკიანმა საბჭოთა კავშირისდროინდელი თავისი მოსწავლეობა,  საფრანგეთის სკოლაში გასაგზავნი კონკურსის გავლა და ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმში გატარებული მარტოობის ერთი  წელი გაიხსენა. ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაუჭირდა ფრანგულ სკოლაში და ფრანგულ საზოგადოებაში დამკვიდრება... როგორი რთული აღმოჩნდა მისი, 16 წლის გოგონას ცხოვრება ფრანგებს შორის იმ მიზეზის გამო, რომ საბჭოთა კავშირიდან იყო და ყველა ისე უყურებდა, როგორც აგენტს. მისმა გულწრფელობამ დამსწრე საზოგადოება აშკარად მოხიბლა. განსაკუთრებით კი - საფრანგეთის ელჩმა ვერ დამალა ემოციები და მადლობა გადაუხადა საფრანგეთის სიყვარულის და გულწრფელობის გამო. მან აღნიშნა, რომ იშვიათად შეხვედრია პოლიტიკოსს, რომელიც ასე ღიად ისაუბრებდა თავის ცხოვრებაზე: „საფრანგეთში თქვენ ისწავლეთ თავისუფლება და შესძელით მარტო ცხოვრება. თქვენ იყავით პატარა, მაგრამ მამაცი სვანი გოგონა, რომელსაც არ შეეშინდა და ბოლომდე შეეცადა ფრანგულ საზოგადოებასთან ინტეგრირებას. მე თქვენი ასაკის გახლავართ და იმ დროს, საბჭოთა კავშირზე ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. და ამ ცოტაშიც  კარგი არაფერი იყო.

თუმცა, გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ არ შეიძლებოდა,  რკინის ფარდის მიღმა ცხოვრება მხოლოდ ნაცრისფერი ყოფილიყო! ვფიქრობდი: ხალხს ალბათ იქაც უხარია, უყვართ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ კედელი დაინგრა და რკინის ფარდა აღარ არსებობს, ასეთი გამოცდილების და ისტორიის ადამიანები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

P.S.  რენო სალენსს,  ისევე  როგორც წულუკიანს, დამთავრებული აქვს საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა -ENA
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge