„ფსალმუნნი და გალობანი“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

„ფსალმუნნი და გალობანი“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

16.06.2014

 

20 ივნისს, 17:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართება გამომცემლობა ,,ბაკმისა’’ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი გამოცემის „ფსალმუნნი და გალობანი“ პრეზენტაცია. 

წიგნი გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II–ის ლოცვა–კურთხევით. 

გამოცემა ილუსტრირებულია ცენტრის H ფონდში დაცული ხელნაწერის „ჯრუჭის ფსალმუნი“(XIII-XIV სს) მინიატურებით, ტექსტი წარმოადგენს გიორგი ათონელის რედაქციას. 

პრეზენტაციაზე, მხოლოდ ერთი დღით გამოიფინება „ჯრუჭის ფსალმუნი“(XIII-XIV სს).

აღნიშნული უნიკალური გამოცემა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და გამომცემლობა „ბაკმის“ ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნილი მესამე წიგნია. ამ დრომდე გამოიცა ორი უნიკალური წიგნი: XII საუკუნის გელათის სახარების მინიატურებით შემკობილი პირველი დასურათებული ‘’სახარება’’ და წერეთლისეულად წოდებული XVIII საუკუნით დათარიღებული ვეფხისტყაოსნის მინიატურებით გაფორმებული ‘’ვეფხისტყაოსანი’’. 
ცენტრისა და გამომცემლობა ‘’ბაკმის’’ მიზანია მდიდარი ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობისა და ქართული მინიატურის ხელოვნების ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობა და პოპულარიზება, წიგნის ილუსტრირების ძველი ტრადიციის აღდგენა და ახალი კულტურის დამკვიდრება. 

წიგნი გამოიცა საგამომცემლო პროექტ „განძი–რჩეულის“ ფარგლებში. 

ღონისძიების მხარდამჭერია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის „მეგობართა საზოგადოება“.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge