იერუსალიმი და თელ-ავივი დაბომბეს

იერუსალიმი და თელ-ავივი დაბომბეს

09.07.2014

ისრაელში ვითარება ისევ დაძაბულია. ქვეყანაში სრული მობილიზაციაა. მზადყოფნაშია შეიარაღებული ძალები. ამ წუთებისთვის დედაქალაქსა და რეგიონებში სიმშვიდეა, დილის შემდეგ ავიაიერიშები აღარ განმეორებულა.

ისრაელს ღაზის სექტორიდან მთელი ღამის და დილის განმავლობაში ბომბავდნენ. ეს არის პირველი შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, როდესაც თელ-ავივი დაიბომბა. 200-დან რამდენიმე რაკეტის განეიტრალება შეძლო თავდაცვის სისტემამ.

დაშავებულია 10 ადამიანი. მოსახლეობა პანიკაშია. ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში ადგილობრივები გააფრთხილეს, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები. გაიხსნა თავშესაფრებიც.

ისრაელმა სამხედრო ოპერაცია “თავდაცვის ხაზი” მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოლო პერიოდში ღაზის სექტორის მხრიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმები გახშირდა. ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში რადიკალური დაჯგუფება “ჰამასის” კუთვნილი ობიექტები და საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, სადაც ორგანიზაციის ლიდერები ცხოვრობდნენ. დაღუპულია 28 ადამიანი, მათგან ერთი ქალი და 5 ბავშვია.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა. კეტრინ ეშტონი გმობს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება მშვიდობისათვის, რათა თავიდან აიცილონ მსხვერპლი.

ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს მკაცრად აკრიტიკებს ამერიკა და აცხადებს, რომ მხარს უჭერს ქვეყნის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი. განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯოშ ერნესტმა გააკეთა. მისი თქმით, არცერთი ქვეყანა არ დაუჭერს მხარს სარაკეტო დარტყმებს, რომელთა სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ქვეყნის დიპლომატიური მისია.

მაია ფანჯიკიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დაბრკოლებების შექმნის შემთხვევაში, მიმართონ საელჩოს და საკონსულოს ან დარეკონ ცხელ ხაზზე.

"1 არხი"



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge