16 ივლისი გერგეტობაა

16 ივლისი გერგეტობაა

16.07.2014

აღსაყდრების შემდეგ,  უწმინდესმა ილია მეორემ, კომუნისტების მმართველობის გამო უმოქმედო გერგეტის სამების ტაძარში გარისკა და  1980 წლის 16 ივლისს, პირველი წირვა აღავლინა. მან, ამ დღეს, სიყვარულის დღესასწაული უწოდა.

გადმოცემის თანახმად  ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში, ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: "მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო". მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, "ელგეშის" ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.
მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: "წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო". ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge