24 ივლისი დიდმოწამე ეფემიას ხსენების დღეა

24 ივლისი დიდმოწამე ეფემიას ხსენების დღეა

24.07.2014

წმინდა დიდმოწამე ევფემია ყოვლადქებული (ხს. 16/29 სექტემბერს) 304 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულა მოწამეობრივად. ნახევარი საუკუნის შემდეგ, როცა ქრისტიანობა რომის იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ღმერთმა ნეტარი მარტვილი ღირს-ყო, კიდევ ერთხელ საჯაროდ დაემოწმებინა და ეღიარებინა მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმინდე.

451 წელს ქალკედონის იმ ტაძარში, სადაც დიდმოწამე ეფემიას სასწაულებით გაბრწყინებული წმინდა ნაწილები იყო დაბრძანებული, IV მსოფლიო კრების (ხს. 16/29 ივლისს) სხდომები მიმდინარეობდა. ქალკედონში ადგილობრივი ქრისტიანული ეკლესიების ექვსას ოცდაათმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი. მართლმადიდებელთა მხრიდან კრების საქმიანობაში მონაწილეობდნენ: კონსტანტინეპოლის პატრიარქი ანატოლი (ხს. 3/16 ივლისს), იერუსალიმელი მღვდელმთავარი იუბენალი (ხს. 2/15 ივლისს) და რომის პაპის, ლეონის (ხს. 18 თებერვალს) წარმომადგენლები. მონოფიზიტები, ალექსანდრიელი პატრიარქის, დიოსკორესა და კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის, ევტიქის წინამძღვრობით, მრავლად იყვნენ შეკრებილნი.

ხანგრძლივი ბჭობის მიუხედავად, მხარეებმა ერთობლივი დადგენილება ვერ მიიღეს.

მაშინ კონსტანტინეპოლელმა პატრიარქმა, ანატოლიმ, კრებას შესთავაზა, საეკლესიო განხეთქილების მოგვარება სულიწმიდისთვის მიენდოთ, მისი რჩეული ჭურჭლის - ეფემია ყოვლადქებულის მეოხებით, რომლის წმიდა ნეშტთანაც მიმდინარეობდა კამათი. ცალკე მართლმადიდებელმა მწყემსმთავრებმა და ცალკე მათმა მოწინააღმდეგეებმა დაწერეს თვისი სარწმუნოების აღსარება და საკუთარი ბეჭდებით დაბეჭდეს; შემდეგ - იმპერატორ მარკიანეს (450-457) თანდასწრებით ნეტარი დიდმოწამის ლუსკუმა გახსნეს და ორივე გრაგნილი მკერდზე დაადეს, შემდეგ კუბო იმპერატორის ბეჭდით დალუქეს და ირგვლივ მცველები დაუყენეს. ორივე მხარე გაძლიერებულ მარხვასა და ლოცვას მიეცა. სამი დღის თავზე პატრიარქმა და იმპერატორმა კრების მონაწილეთა თანდასწრებით გახსნეს ლუსკუმა: გრაგნილი მართლმადიდებლური მრწამსით ეფემიას მარჯვენა ხელში ეპყრა, ერეტიკოსთა ხელნაწერი კი მის ფეხებთან ეგდო. წმინდანმა ცოცხალივით ასწია ხელი და უცდომელი მრწამსის შემცველი ნუსხა პატრიარქს გაუწოდა.

ამ სასწაულის შემდეგ მრავალი გზააბნეული დაუბრუნდა მართლმადიდებლობას, მწვალებელთა გაკერპებული ნაწილი კი კრების მონაწილეებმა ერთხმად დაგმეს და ეკლესიიდან განკვეთეს.

VII საუკუნეში, სპარსელთა თავდასხმის დროს ნეტარი ეფემიას წმინდა ნეშტი ქალკედონიდან კონსტანტინეპოლში, მისსავე სახელზე ნაკურთხ ტაძარში გადაასვენეს. მრავალი წლის შემდეგ ხატმბრძოლობის მძვინვარებისას, ლუსკუმა უხრწნელი ნაწილებით მწვალებელი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (716-741), ბრძანებით ზღვაში გადააგდეს. სიწმინდე ნაოსანმა ძმებმა - სერგიმ და სერგონმა - იპოვეს და ადგილობრივ ეპისკოპოსს გადასცეს, რომელმაც იგი ფარულად დაკრძალა. მას შემდეგ, რაც VII მსოფლიო კრებაზე (787 წ.) ხატმბრძოლობა საბოლოოდ დაიგმო, ტარასი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქის (784-806), იმპერატორ კონსტანტინე VI-ის (780-797) და მისი დედის, ირინეს (797-802), თანდასწრებით, წმინდა ევფემია ყოვლადქებულის ნეშტი კვლავ საზეიმოდ გადააბრძანეს კონსტანტინეპოლში.

 

 


ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge