გრიგოლეთი - მრავალფეროვანი და მრავალწლოვანი ნაგვის ფენით დაფარული

გრიგოლეთი - მრავალფეროვანი და მრავალწლოვანი ნაგვის ფენით დაფარული

22.08.2014

"გრიგოლეთი ერთ-ერთია გურიის საზღვაო ზოლის კურორტებიდან. მისი ტერიტორია დაფარულია მრავალწლოვანი ფიჭვნარით", - ასე წერს ყოვლისმცოდნე "ვიკიპედია" ამ შესანიშნავი ზღვისპირა კურორტის შესახებ, რომელიც, როგორც ცნობილია, სამკურნალო ქვიშითაც გამოირჩევა. თუმცა, იმავე "ვიკიპედიაში" არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ, გარდა ფიჭვნარისა, გრიგოლეთის სანაპირო მრავალფეროვანი და მრავალწლოვანი ნაგვის ფენითაც არის დაფარული, რაც ყოვლად აქარწყლებს და აუფერულებს ზღვაში ბანაობითა და წიწვნარის ცქერით მიღებულ სიამოვნებას. ამავეს ამბობენ გრიგოლეთში ჩამოსული დამსვენებლები და უკმაყოფილოდ აქნევენ თავს: გახურებული ნაპირი ყარს, იქვე მდრაგი საბჭოეთის დროს აგებული და ახლა უკვე საბჭოეთივით ჩამონგრეული შენობა საზოგადოებრივ ტუალეტად და გასახდელად არის ქცეული, რადგან გასახდელი არსადაა, არც ტუალეტი, ზღვაში კი შარდის ბუშტის გაცლა მისაღები არ არის, არც ჰიგიენური და არც ჯანმრთელობის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
კერძო კოტეჯების გასწვრივ არსებული ე. წ. "კერძო პლაჟები" შედარებით მოწესრიგებულია, რადგან მათზე თვით ამ კოტეჯების მეპატრონეები ზრუნავენ.
რამდენიმე სანაგვე ურნა დგას ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, თუმცა, ქვიშიანი ნაპირიდან ამ ურნებამდე საკმაოდ შორია. ჩვენ კი, მოგეხსენებათ, მიუხედავად ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციისა, ძველი წესი ჯერ არ დაგვვიწყებია - სადაც ჭამ, იქ უნდა მოისაქმო და საკუთარ ცხვირსაც დიდი მანძილით არ უნდა გასცდე, თანაც, სიცხეში ამხელა დატვირთვას ენერგიის დაზოგვა სჯობია!
სასმელი წყალიც მხოლოდ და მხოლოდ ამ კერძო კოტეჯების ეზოშია ლოკალიზებული. თუ ვინმეს სარწყავი მილი დარჩა ღობის მიღმა, იქნებ დაგალევინოს, თუ არა და, ზემოხსენებული ურნები უნდა ჩამოიტოვო, მოსახლეობაში გახვიდე და ითხოვო. ვინც ითხოვს, იმას მიეცემაო, - ასეა ნათქვამი! მარკეტსაც იპოვის კაცი, დაისხამს და დალევს - წყალი ბარემ უხვად არის ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში - "ნაბეღლავიც", "ლიკანიც" და "ბორჯომიც"... მთავარია, შეგვარგონ ეს ყველაფერი, თორემ უფრო მეტი წყალი გრიგოლეთს რომ ზღვა აკრავს, მანდაა, მაგრამ ზღვაში მოწყურებულის შესახებაც სმენია თითოეულ ჩვენგანს.

ჰოდა, რატომ ვამბობ ამას ახლა, ესეც არ უნდა იყოს მთლად გაუგებარი - ჰყავს ამ ზღაპრულ ადგილს (გრიგოლეთს ვგულისხმობ) პატრონი თუ არ ჰყავს? საინტერესოა, სად ბანაობს ადგილობრივი გამგებელი თუ მუნიციპალიტეტი, ან რას ფიქრობს საერთოდ, ბანაობას რომ თავი დავანებოთ!

By:რობერტ მესხი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge