სახელმწიფო მდივან ჯონ კერის საავტორო წერილი „ნიუ იორკ თაიმსში“ (29 აგვისტო)

სახელმწიფო მდივან ჯონ კერის საავტორო წერილი „ნიუ იორკ თაიმსში“ (29 აგვისტო)

31.08.2014

ჯონ კერი:  ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს (ISIS) საფრთხე გლობალურ კოალიციას ითხოვს

პოლარიზებულ რეგიონსა და რთულ სამყაროში „ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო“ (ISIS) ის საფრთხეა, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს აერთიანებს. ამ ნიჰილისტური მსოფლმხედველობისა და გენოციდის შემცველი დღის წესრიგის წინააღმდეგ საჭიროა გლობალური კოალიცია, რომელიც პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, სამართალდამცველი ინსტიტუტებისა და დაზვერვის საშუალებებს სამხედრო ძალის მხარდასაჭერად მიმართავს.

თავების კვეთის, ჯვარზე გაკვრებისა და აბსოლუტური ბოროტების სხვა აქტებით, რომელსაც სირიაში, ერაყსა და ლიბანში ათასობით უდანაშაულო ადამიანი შეეწირა, მათ შორის სუნიტი მუსლიმანები, ვისი რჯულის მიმდევრადაც ეს ორგანიზაცია ასაღებს თავს, „სირიისა და ერაყის ისლამური სახელმწიფო“ (შეერთებული შტატების მთავრობა მას „ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოსაც“ (ISIL) უწოდებს) მხოლოდ ამ რეგიონს არ უქმნის საფრთხეს.

„ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო“ ერთ დროს „ერაყის ალ ქაიდის“ სახელით ცნობილი ოგანიზაციის წიაღში იშვა, რომელსაც ათ წელზე მეტი ხნის უკიდურესი ძალადობის  გამოცდილება აქვს. ჯგუფმა თავი მოუყარა გლობალური ამბიციების მქონე, ბრძოლებში გამოწრთობილ ერთგულ ჯიჰადისტებს, რომლებიც სირიის კონფლიქტსა და ერაყში გამეფებულ რელიგიურ დაძაბულობაზე ითბობენ ხელს. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები გამუდმებით ემუქრებიან შეერთებულ შტატებს. მაისში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ტერორისტმა ბრიუსელის ებრაულ მუზეუმში სამი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს (მეოთხე 13 დღის შემდეგ გარდაიცვალა). „ისლამური სახელმწიფოს“ უცხოელი მებრძოლები მზარდი საფრთხეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ყველგან, სადაც შეუმჩნევლად შეუძლიათ გადააგილება, მათ შორის, ამერიკაში.

არსებობს სამხილები, რომ უკონტროლობის შემთხვევაში, ექსტრემისტები მხოლოდ სირიასა და ერაყში არ გაჩერდებიან. ამ ახალ ინკარნაციაში, „ისლამური სახელმწიფო“ უფრო დიდი და მდიდარია. ის ხარჯავს სირიასა და ერაყში მოპარული ნავთობით, გატაცებებითა და გამოძალვით ნაშოვნ ფულს. მის ხელშია უახლესი მძიმე შეიარაღება, რომელსაც ბრძოლის ველზე დაეუფლა. ვნახეთ, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუძლია უფრო დიდი ზომის ტერიტორიის დაკავება და შენარჩუნება, ვიდრე სხვა რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას, თანაც სტრატეგიულ რეგიონში, რომელიც იორდანიას, ლიბანსა და თურქეთს ესაზღვრება და შემაშფოთებლად ახლოა ისრაელთან.

„ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ავადმყოფური ველურობა და სისასტიკე გამოიჩინეს. უფრო ფართო ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების გამოწვევის სურვილით, ისინი ანადგურებენ შიიტ მუსლიმანებსა და ქრისტიანებს. წინასწარ გათვლილი სტრატეგიით, ხოცავენ ერთმორწმუნე სუნიტებსაც ახალი ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად. ცივილიზებულ სამყაროს ძრწოლა მოჰგვარა ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიმს ფოლისათვის თავის მოკვეთამ.

შეერთებული შტატების წინამძღოლობით, მსოფლიო ერების შეძლებისდაგვარად ფართო კოალიციის ერთობლივი პასუხი სიმსივნეს, სახელად „ისლამური სახელმწიფო“, სხვა ქვეყნებში გავრცელების საშუალებას არ მისცემს. სამყაროს შეუძლია, შეებრძოლოს ამ ჭირს და დაამარცხოს ის. „ისლამური სახელმწიფო“ ოდიოზურია, მაგრამ არა უძლეველი. ეს ჩრდილოეთ ერაყში დადასტურდა, სადაც შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმებმა შეცვალა ბრძოლის მსვლელობა და ერაყულ და ქურთულ ძალებს შეტევაზე გადასვლის საშუალება მისცა. ჩვენი მხარდაჭერით, ერაყელი ლიდერები გაერთიანდნენ და შექმნეს ახალი, ინკლუზიური მთავრობა, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ იზოლაციისა და ერაყის ყველა რელიგიური ჯგუფის მისამხრობად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მხოლოდ საჰაერო დარტყმები ამ მტერს ვერ დაამარცხებს. საჭიროა მსოფლიოს უფრო ფართო რეაქცია. მხარი უნდა დავუჭიროთ ერაყის ძალებსა და სირიის ზომიერ ოპოზიციას, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ფრონტის ხაზზე ებრძვის. უნდა მოვსპოთ და შევასუსტოთ „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლებლობები და შევებრძოლოთ მის ექსტრემისტულ გზავნილებს მედიაში. ამავე დროს, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საკუთარი უსაფრთხოება და თანამშრომლობა ჩვენი ხალხების უსაფრთხოების მიზნით.

მომდევნო კვირაში, ნატოს უელსის სამიტის პარალელურად, თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი და მე შევხვდებით ჩვენს კოლეგებს ევროპის მოკავშირე სახელმწიფოებიდან, რათა შესაძლო დახმარებათა ფართო სია შევადგინოთ. შეხვედრის შემდეგ ბატონი ჰეიგელი და მე ახლო აღმოსავლეთში გავემგზავრებით, რათა მოვიპოვოთ კოალიციის მხარდაჭერა ქვეყნებში, რომელთაც ყველაზე პირდაპირი საფრთხე ემუქრებათ.

სექტემბერში, შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტობას შეუდგება. შევეცდებით, ეს შესაძლებლობა ფართო კოალიციის  შესაქმნელად გამოვიყენოთ და წარმოვაჩინოთ უცხოელი ტერორისტების - მათ შორის, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისაგან მომდინარე საფრთხე. გაეროს გენერალური ასამბლეის სესიისას, პრეზიდენტი ობამა უშიშროების საბჭოს სამიტის შეხვედრას უხელმძღვანელებს და განსახილველად შეიტანს კოლექტიურ საფრთხესთან გამკლავების გეგმას.

ამ ბრძოლაში როლი თითქმის ყველა ქვეყანას აკისრია. ზოგიერთი პირდაპირ, თუ ირიბ სამხედრო დახმარებას გასწევს, ზოგიერთი სასიცოცხლოდ აუცილებელ ჰუმანიტარულ დახმარებას მილიონობით დევნილისა და მსხვერპლისათვის ამ რეგიონში. სხვები დაგვეხმარებიან, აღვადგინოთ არა მხოლოდ დაზარალებული ეკონომიკა, არამედ დაკარგული ნდობა მეზობლებს შორის. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ერაყში, რომელსაც, სხვა ქვეყნებთან ერთად, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას ვუწევთ და ინკლუზიურ მთავრობას ვეხმარებით.

ჩვენი ძალისხმევით, კოალიციას უკვე ათობით სახელმწიფო შეუერთდა. რა თქმა უნდა, მათ სხვადასხვა ინტერესი აქვთ, მაგრამ არც ერთი ღირსეული სახელმწიფო მხარს არ დაუჭერს საშინელებებს, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ ჩადის. არცერთმა ცივილიზებულმა სახელმწიფომ თავი არ უნდა აარიდოს პასუხისმგებლობას, რომელიც ამ ავადმყოფობის ამოძირკვაში დახმარებას გულისხმობს.

„ისლამური სახელმწიფოს“ საძაგელი მოქმედება ტრადიციულად სხვადასხვა ინტერესების მქონე მეზობლებს ერაყის ახალი მთავრობის მხარდასაჭერად აერთიანებს. დროთა განმავლობაში კოალიცია იმ გარემოებებსაც ჩაუღრმავდება, რომელმაც „ისლამური სახელმწიფოსა“ და მსგავსი დღის წესრიგის სხვა ტერორისტული ორგანიზაციების შექმნას შეუწყო ხელი.

კოალიციის შექმნა რთული სამუშაოა, მაგრამ ეს საუკეთესო გზაა საერთო მტერთან გასამკლავებლად. როდესაც 1990 წელს სადამ ჰუსეინი ერაყში შეიჭრა, პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა მარტო და აჩქარებით როდი იმოქმედეს. მათ მეთოდურად შეკრეს ქვეყნების კოალიცია, რამაც სწრაფი გამარჯვება მოიტანა.

ექსტრემისტები მარცხდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ წინააღმდეგ პასუხისმგებლიანი ქვეყნები და ხალხები ერთიანდებიან.

By: usembassy.gov



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge