არაჰარმონიული საემიგრაციო პოლიტიკა

არაჰარმონიული საემიგრაციო პოლიტიკა

22.09.2014

ნიკა რურუა: ერთი ძალიან სახიფათო ტენდენცია შეინიშნება ამ ბოლო დღეებში - ყველა ის უცხოელი, ვინც დიდი ხნით გეგმავდა საქართველოში დარჩენას, მუშაობას თუ ოჯახის შექმნას, უკიდურესად გაღიზიანებული და დათრგუნული ყიდის ქონებას, მოძრავს თუ უძრავს, და მიდის საქართველოდან.

ფაქტია, რომ ისინი აქ უამრავ ფულს ხარჯავდნენ, ქმნიდნენ სამუშაო ადგილებს ან პოტენციურ თანამშმრომლობის შანსს მაინც უცხოეთის ქვეყნებთან და ამავე დროს მჭიდროდ აკავშირებდნენ საქართველოს საკუთარ სახელმწიფოებთან.

თუმცა, ეს არა ტენდენცია, არამედ სრულიად მოსალოდნელი რეზულტატია სულ ეხლახანს მიღებული უაზრო და მავნებლური, სრულიად გაუთვლელი და თვითსაბოტაჟური კანონისა, რომელიც მოითხოვს 3 თვეში უცხოელის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას და იქ ხელახალი, საქართველოს მოკლევადიანი ვიზის აღებას.

არაა ძნელი მისახვედრი, რომ ამ ათასობით ადამიანს, ვინც საქართველო საკუთარ მეორე სამშობლოდ აქცია, ამიერიდან აქეთ გამოხედვაც არ მოუნდება.

ეს იმ დროს, როცა ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავისუფლად შემოდიან და გადიან.

საინტერესოა, როგორაა ეს საემიგრაციო პოლიტიკა ჰარმონიაში ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელშიც ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ჯერ ლიბერალიზაციას, შემდეგ კი საერთოდ გაუქმებას ვცდილობთ?!

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge