თურქეთის სკოლებში ქართული ენა სავალდებულო საგანი გახდა

თურქეთის სკოლებში ქართული ენა სავალდებულო საგანი გახდა

12.10.2014

თურქეთის განათლების სამინისტრომ დაამტკიცა თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე წლიდან თითოეულ საშუალო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი 10 და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში ქართული ენის 244 საათიან სწავლების პროგრამას. - ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის საელჩო ავრცელებს. 

„აღნიშნული პროგრამის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელს, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაში (TRT) საქართველოს შესახებ მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის („კავკასიის ქარი“) ავტორს, ბატონ ერდალ ქუჩუქსა (ელიზბარ ციმნარიძე) და ცნობილ ანკარელ მწერალს, ქალბატონ ქევსერ რუჰს (ქეთევან ხანთაძე). პროგრამის თარგმანში ქალბატონ ქევსერ რუჰთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პროფესორი ნანა კაჭარავა და ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, მარიამ გაფრინდაშვილი.

საქართველოს საელჩო ულოცავს თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართული წარმოშობის მოსახლეობას ამ ისტორიულ ფაქტს და მიღებული გადაწყვეტილების გამო დიდ მადლობას უხდის თურქეთის ხელისუფლებას“ - ნათქვამია თურქეთის საელჩოს განცხადებაში. 

By: netgazeti



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge