მოღალატური პროექტი თუ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა?!

მოღალატური პროექტი თუ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა?!

17.10.2014

რუსეთ - საქართველოს დამაკავშირებელ ახალ გზას, რომლითაც დაღესტანი საქართველოს, ყვარლის რაიონს უნდა დაუკავშირდეს, ოპოზიცია მოღალატურ პროექტად მიიჩნევს, ხელისუფლება კი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობად. საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა პროექტში სამხედრო საფრთხესაც ხედავს და აცხადებს, რომ ავარეთ-კახეთის გზა „კახეთის ცხინვალიზაციას“ გამოიწვევს და ოკუპანტებს საქართველოში შემოსვლა ნებისმიერ დროს კახეთიდანაც შეეძლებათ.

„რუსეთმა, როგორც ვიცით, დაიწყო 200-მდე კილომეტრის გზის გაყვანა თავისი 25 გვირაბით, ხიდებითა და ა.შ, რომელიც უნდა შეუერთდეს საქართველოს, ყვარლის მიდამოებში. ეს იქნება ახალი როკის გვირაბი საქართველოსთვის, ეს იქნება ტრაგიკული შეცდომა და ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცების რეალური წინაპირობა. პასუხისმგებელმა სამინისტროებმა უნდა მოიპოვონ ინფორმაცია და თუ სადმე მოღალატეობრივი და უკიდურესად უპასუხისმგებლო შეთანხმება რუსეთთან არაფორმალურ დონეზე არსებობს, ის უნდა დაექვემდებაროს ანულირებას“, - განაცხადა ნიკა რურუამ.  

ყოფილი მინისტრი ეჭვობს, რომ რუსეთ – საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს შორის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს. რურუას თქმით, რუსეთს რომ არ ჰქონოდა რაიმე გარანტია საქართველოს მხრიდან, 2,5 მილიარდიან პროექტს არ დაიწყებდა.

როგორც რურუა აცხადებს, ახალი როკის გვირაბი კახეთში არ უნდა იქნას დაშვებული.

საქართველოს ხელისუფლებაში პროექტს ძირითადად ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიურად აფასებენ, ოპოზიციის მწვავე კრიტიკას არ იზიარებენ, თუმცა გარკვეულ საფრთხეებზე მაინც საუბრობენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღონია მიიჩნევს, რომ ავარო–კახეთის გზა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს და ნამდვილად ყურადსაღებია იმდენად, რამდენადაც ეს ჩვენი საზღვრის სიახლოვეს შენდება.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდარავა მიიჩნევს, რომ  რუსეთთან ურთიერთობაში მაინც სიფრთხილეა საჭირო, თუმცა ის ამ გზაში სამხედრო ელემენტს ვერ ხედავს.

„რუსული სამხედრო ბაზები არის აფხაზეთში და ცხინვალში, ტანკებიც არის, რაკეტებიც არის, ერთი ბაზა კიდევ სამხრეთით აქვთ და ეს სავსებით საკმარისია აგრესიული მილიტარისტული განზრახვებისთვის. სიფრთხილეა საჭირო და ბოლოსდაბოლოს, გზა ვერ შედგება თუ ჩვენი მხრიდან შესაბამისი მონაკვეთი არ აშენდება“, – აცხადებს ივლიანე ხაინდრავა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ გზის მშენებლობა კარგი იქნება და ლარსის დროებით დაკეტვის შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთი კახეთის გავლით იმოძრავებს.

„ჩვენ განვაახლეთ ვაჭრობა რუსეთთან და ამ თვალსაზრისით, რაც უფრო მეტი გზა გვექნება ვაჭრობისთვის ხელშემწყობი იქნება. ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც მეტი გზა იქნება მით უფრო კარგია ქვეყნისთვის. როცა ლარსზე სტიქიით გამოწვეული პრობლემა გვაქვს, ურიგო არ იქნებოდა, რომ გვქონდეს ალტერანტივა, რათა საქონელმა იმოძრაოს რუსეთსა და საქართველოს შორის. პოლიტიკურ ჭრილში, რათქმაუნდა, ის პრობლემები არავის არ მოუხსნია, ისევ არის და გადაწყვეტას საჭიროებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გზის მშენებლობის მომხრეა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.

„თუ ახალი მაგისტრალი რეგიონულ სავაჭრო-ეკონომიკურ ბრუნვას ხელს შეუწყობს, მსგავს გადაწყვეტილებას მივესალმები. რუსეთი ჩვენ არ გვეკითხება, ჩრდილო კავკასიაში რას ააშენებს, ეს მათი ხელისუფლების საქმეა. ზოგადად კი, ირანი იქნება, დასავლეთ ევროპა თუ რუსეთი, მსგავსი კომუნიკაცია ქვეყნების ურთიერთობებს ხელს უწყობს. თუმცა, აღნიშნული საკითხი ჯერჯერობით  გაურკვეველია“ – აღნიშა ვიქტორ დოლიძემ.

ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობას დადებითად აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეგია ვოლსკიც. მისი თქმით, მთავარია, ამ გზაზე ტანკებმა არ გაიარონ.

„ნებისმიერი გზა, ნებისმიერი მიმოსვლა, ურთიერთობა საფრთხის შემცველი არ არის თავისთავად, თუ ამ გზაზე ტანკი არ გაივლის. მოლაპარაკებები, ურთიერთობები სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ რაც შეიძლება ეფექტურად ავარიდოთ საქართველოს საფრთხეები, რომლებიც გარედან შეიძლება მოდიოდეს. არსებობს გზები მზაკვრული მიზნებისათვის, არსებობს გზები კავშირებისთვის, რომლებიც ყოველთვის სჯობს დაძაბულობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გზის მშენებლობასთან დაკავშირებით რაიმე მოლაპარაკებას უარყოფს. მისი განმარტებით, თუ რუსეთს ამ საკითხზე მოლაპარაკების სურვილი ექნება, ქართული მხარე მათ ინიციატივას მოისმენს.

„ეს საკითხი არ განიხილება მთავრობაში. ამ საკითხზე ექსპერტებმა უნდა იმსჯელონ. რუსეთის მხარე რაღაც სამუშაოებს ატარებს, მაგრამ ვერ ავუკრძალავთ თავის ტერიტორიაზე გზა ააშენოს, დაანგრიოს, ან შეაკეთოს“, – განაცხადა აბაშიძემ.

ავარეთ-კახეთის ავტომაგისტრალის აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია დაღესტნის ავტოგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრეი ბონდარევმა გაახმაურა. „დაღესტნის ავტოგზის“ ინფორმაციით, ავტომაგისტრალის სიგრძე  83 კილომეტრი იქნება. გზამ 3 მთა უნდა გაიაროს, რისთვისაც 25 ხიდის და 5 გვირაბის აშენება იქნება საჭირო. აღნიშნული მაგისტრალი იქნება უმოკლესი გზა საქართველოსთან დასაკავშირებლად და შავ ზღვაზე გასასვლელად. ავარო-კახეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაღესტანზე გაივლის და მთლიანად ასფალტო-ბეტონის საფარით იქნება დაგებული.

ick.ge

ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge