ჟურნალისტის მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში აკრძალულია

ჟურნალისტის მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში აკრძალულია

21.11.2014

თეა სიჭინავა,  ტელეკომპანია „იმედის“ დღის შემაჯამებელი საინფორმაციო გადაცემის წამყვანი და ეკა მიშველაძე, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე საინფორმაციო გამოშვებები მიყავს და,  ამავე დროს, ეთერში წინასაარჩევნო დებატებს უძღვება ხოლმე, მონაწილეობენ მობილური კომპანია „ჯეოსელის“ სარეკლამო კლიპში, რაც ეწინააღმდეგება  მაუწყებლობის შესახებ, კანონის 63-ე მუხლს.

კერძოდ, ამ მუხლის თანახმად, „ იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.“

სარეკლამო რგოლში სტატისტის როლი აქვს "მაესტროს" საინფორმაციო გადაცემის წამყვანს ნინო თოლორდავასაც. კადრში ჩანს ასევე რადიო "იმედის" დღის მთავარი თოქშოუს წამყვანი ეკა ვეფხვაძე.

უჩა სეთურმა, ექსპერტმა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან“ (IDFI),  Media.Ge-ს განუმარტა, რომ ის მაუწყებლები,  რომლებიც სარგებლობენ ახალი ამბების და საინფორმაციო გადაცემების წარმოების უფლებით (ე.წ. საერთო მაუწყებლობის ლიცანზიანტები) და ავრცელებენ მოსახლეობაში ინფორმაციას,  უნდა აკმაყიფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს (მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის  მუხლი 54. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა):

1.  მაუწყებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება.

2. მაუწყებლები ვალდებული არიან ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყონ ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა, რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.

სეთურის თქმით, ყველა საინფორმაციო საშუალება ასოცირდება ტელეწამყვანთან,   ესა თუ ის  მოვლენა, რომელიც შუქდება,  იდენტიფიცირდება წამყვანის პიროვნებასთან როგორც განსხვავებული ჟურნალისტური სტატუსის მქონესთან.  ამიტომ რეკლამა აღრეული რომ არ იყოს ახალ ამბებთან და უდავო ინფორმაციასთან,  წამყვანების პიროვნებების გამო,  აკძალვა ჩადებულია საქართველოს კანონდებლობაში. ასეთივე რეგულაციები  მიღებულია ევროპის ქვეყნების უმეტესობაში,  სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში და  განპირობებულია მოსახლეობის დაცვის სურვილით.

IDFI-ს ექსპერტმა დასძინა, რომ ამ პრინციპის გამოძახილია მაუწყებლობის შესახებ კანონის  69-ე მუხლიც  (პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე სპონსორისა და რეკლამის მიმწოდებლის ზეგავლენის აკრძალვა). ამ ნორმის მიხედვით  იკრძალება შემდეგი სახის პროგრამების სპონსორობა:

ა) ახალი ამბების პროგრამები (გარდა სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზისა, თუ ისინი ცალკე პროგრამის სახით გადაიცემა);

ბ) რეპორტაჟები სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე;

გ) პროგრამები მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საარჩევნო ან საარჩევნო კამპანიასთან პირდაპირ დაკავშირებული პროგრამები.

By: media.ge



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge