სუნამოები მანქანის ფასად

სუნამოები მანქანის ფასად

24.11.2014

ალბათ, გაინტერესებთ, რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამოები. 

Caron’s Poivre

$1000 – 30 მლ

ეს სუნამო 1954 წელს გამოუშვა Michel Morsetti-მ. სუნამო უნისექსია, როგორც ქალის, ასევე მამაკაცისთვის განკუთვნილი. საბაზისო ნოტები მერქნოვანია, სუნამოს შუაგულში ყვავილოვანი არომატებია, თუმცა ყველაზე მეტად აქცენტი პილპილის მკვეთრ არომატზეა გაკეთებული.

Clive Christian No. 1

$2,150 – 30 მლ.

Clive Christian No. 1 2001 წელს შეიქმნა და 2006 წლამდე მსოფლიოს ყველაზე ძვირფას სუნამოდ ითვლებოდა. როგორც სუნამოს, ასევე მისი ფლაკონის შესაქმნელად უიშვიათესი და უძვირფასესი მასალებია გამოყენებული. სუნამოს ზედა ნოტებში ციტრუსები ჭარბობს, შუაგულში ვარდი, ჟასმინი და ილანგ-ილანგია, ხოლო საბაზისო ნოტებს კედრის, სანდალოზის და სხვა მერქნოვანების არომატები წარმოადგენს. სუნამოს დამზადებისას სურნელის საბოლოო ფორმირებისთვის ექვსი თვეა საჭირო.

Clive Christian Perfume

$215,000 – 500 მლ

სუნამო Clive Christian No. 1 ლიმიტირებულ, საკოლექციო გამოშვებას წარმოადგენს, რომელიც სულ 10 ცალი დამზადდა 2006 წელს და მაშინვე მოიპოვა მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი სუნამოს ტიტული. ის სხვაგვარად ცნობილია, როგორც Imperial Majesty. ფლაკონის დასამზადებლად Baccarat-ის კრისტალია გამოყენებული, ხოლო ფლაკონის თავსახური, რომელშიც 5-კარატიანი თეთრი ბრილიანტია ჩასმული, 18-კარატიანი ოქროთია დამზადებული.

კერძო კოლექციონერებმა 7 ფლაკონი შეიძინეს, ორი ფლაკონი Harrods, ლონდონში და Bergdorf Goodman, ნიუ-იორკშია გამოფენილი, ხოლო ერთი ფლაკონი მუდმივად  სხვადასხვა გამოფენაზე მოგზაურობს.

Chanel Grand Extrait

$4,200 – 30 მლ

შანელის სუნამოები მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ფუფუნების ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი, თუმცა გარკვეული და არც ისე მცირე თანხის საფასურად შეგიძლია კიდევ უფრო ძვირფასი და ექსკლუზიური, საკოლექციო ფლაკონებით გამოშვებული სუნამოები შეუკვეთო.

ასეთი სუნამო სამია:  Gardenia, No.5 და coco mademoiselle.

Baccarat Les Larmes Sacrees de Thebes

$6,800 – 30 მლ

Baccarat-მ, რომელიც ულამაზესი კრისტალებით უფროა ცნობილი, 1998 წელს ბაზარზე სამი სუნამოსგან შემდგარი ლიმიტირებული კოლექცია გამოუშვა, სახელწოდებით Les Contes d’Ailleurs trilogy. კოლექციის შემადგენლობაში სამი სუნამო შედის: Les Larmes Sacrées de Thèbes, Un Certain été à Livadia და Une Nuit Étoilée au Bengale. 

სუნამოების ფასი განპირობებულია მათი უნიკალური ფლაკონებით, რომლებიც ბაკარას კრისტალებისგანაა დამზადებული, თითო სუნამოს მხოლოდ 1500 ფლაკონი დამზადდა და არა ფართო მასებზე, არამედ კოლექციონერებზე იყო გათვლილი.

pink.ge



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge