შეხვედრები ისრაელში

შეხვედრები ისრაელში

28.12.2014

მიხეილ მირილაშვილს, რომელსაც რუსეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, რუსეთის ებრაელთა კონგრესის პეტერბურგის განყოფილებას ხელმძღვანელობს და რომელიც ბიზნესმენის სტატუსით შეხვდა ისრაელში ჩასულ (2014-01-30  ) საქართველოს პრემიერს, კრიმინალურ წრეებში „მიშა კუტაისსკის“ სახელით იცნობენ.

მიხეილ მირილაშვილის მეორე მეტსახელი „იმპერია MMM” მის ინიციალებს - მიხეილ მიხეილის ძე მირილაშვილს უკავშირდება. მას „პიტერელ მაყურებელსაც“ უწოდებენ.

მიხეილ მირილაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ისრაელში მასპინძელი ბიზნესმენის ამპლუაში დახვდა. „ფეისბუქზე“ პრემიერმინისტრის ოფიციალურ გვერდზე ბლომადაა ატვირთული ფოტოები, სადაც კარგად ჩანს, რომ პრემიერის ერთ-ერთი მთავარი დამხვედრი და გამცილებელი ისრაელში სწორედ „მიშა კუტაისსკი“ იყო. ისინი გოდების კედელთანაც ერთად იმყოფებოდნენ.

ვინ არის „მიშა კუტაისსკი“, იგივე „იმპერიაMMM“, იგივე „პიტერელი მაყურებელი“ მიხეილ მირილაშვილი? ის რუსეთში 2001 წელს დააკავეს, თავდაპირველად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, საბოლოოდ კი სასჯელი 8 წლამდე შეუმცირეს და 2009 წელს ციხიდან გათავისუფლდა, რის შემდეგაც რუსეთი დატოვა.

„მიშა კუტაისსკის“ ბრალად ედებოდა ორი ქართველის მოტაცებისა და მკვლელობის ორგანიზება. ორივე მოკლული „კანონიერი ქურდი“ იყო. საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ეს ორი „ქურდი“ მიიჩნია დამნაშავედ მირილაშვილის გარემოცვამ 2000 წელს მათი მამის - მიხეილ მირილაშვილი-უფროსის გატაცებაში.

მამა მირილაშვილი მაშინ პირად მცველთან ერთად პეტერბურგში მანქანით მგზავრობდა, როცა უცნობმა, მილიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გააჩერეს, მცველს „სიტუაციის გარკვევამდე“ თავიანთ მანქანაში ჩაჯდომა შესთავაზეს, ხოლო როცა მან მოთხოვნა შეასრულა, მანქანა, სადაც მამა-მირილაშვილი იჯდა, გაიტაცეს.

რუსულ კრიმინალურ წრეებში მაშინ ამბობდნენ, რომ მირილაშვილებმა მამის გამოსყიდვის მიზნით დიდი ფული გადაიხადეს (მამა-მირილაშვილი რამდენიმე დღეში გამოუშვეს), თუმცა, თავიანთი ღირსების საქმედ მიიჩნიეს გატაცების ორგანიზატორთა მოძებნა.

ამ ამბიდან ცოტა ხანში, „ასტორიასთან“ დაცხრილეს ქართველი ეროვნების „კანონიერი ქურდი“, მოგვიანებით კი მეორე „ქურდიც“ მიაყოლეს. სწორედ ეს ჩაითვალა მირილაშვილების შურისძიებად, თანაც, როგორც ჩანს, არამხოლოდ კრიმინალურ წრეებში:

რუსმა სამართალდამცველებმა 2001 წელს მიხეილ მირილაშვილი, ანუ „მიშა კუტაისსკი“ პეტერბურგში მაშინ აიყვანეს, როცა ის, არც მეტი, არც ნაკლები, მოშე კაცავის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა.

„მიშა კუტაისსკი“ ერთერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენად ითვლება ებრაელ ბიზნესმენებს შორის, რუს მილიონერთა სიაში კი 2012 წელს მე-17 პოზიციაზე იყო, 750 მილიონი აშშ დოლარის ქონებით.

მირილაშვილი 53 წლისაა. ის სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშშია დაბადებული.

via:fmabkhazia



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge