რომან გოცირიძის სადეკემბრო სიბრძნეების ნაკრები

რომან გოცირიძის სადეკემბრო სიბრძნეების ნაკრები

29.12.2014

7 დეკემბერი:  ნაშრომი სახელწოდებით:  „სავალუტო კრიზისი -  ლარის დევალვაციის მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები“ მე და ჩემმა კოლეგებმა დიდი ხნის წინათ გამოვაქვეყნეთ. მსოფლიოში მომხდარი სავალუტო კრიზისების 158 შემთხვევაა გაანალიზებული სავალუტო ფონდის მიერ და ანალოგიური მეთოდიკით ქართული შემთხვევა შევისწავლეთ. დასკვნა ასეთია: კრიზისის შედეგების დასაძლევად ჩვენნაირ ქვეყნებს სჭირდებათ 1,5 წელიწადი, ინდუსტრიულ ქვეყნებს-1,9 წელიწადი. 
სავალუტო კრახის შემთხვევაში ( მაგ. რაც მოხდა რუსეთში და უკრაინაში), მისი დაძლევის ხანგრძლივობა 2,1 წელიწადია. 
11 თვეში 2 სავალუტო კრიზისი გამოიწვია დღევანდელმა მთავრობამ. ეს ინსულტივითაა, რომლის შედეგების "გაწოვას" წლები დასჭირდება. "მესამე- მეოთხე წელიწადი". თანაც არავინ იცის, კიდევ რა დეფექტებს დატოვებს. 
ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეთი მთავრობა მთელი შემადგენლობით სახლებში იქნებოდა გარეკილი.

11 დეკემბერი:  წლის ბოლომდე დასახარჯია 1, 260 მილიარდი ლარი. 
ორჯერ მეტი, ვიდრე საშუალდ.
გჯერათ?
საუკეთესო შემთხვევაში, თუ უცხოური კრედიტები შემოვიდა, 31 დეკემბერს გადაურიცხავენ მხარჯველ ერთეულებს ფულს ბიუჯეტის ქაღალდზე შესასრულებლად. თანაც მიაყოლებენ ბრძანებას, რომ არ დახარჯონ და არ დააკონვერტირონ.
სამუშაობს შეასრულებენ მომავალში და იმ წლის გეგმას მიხედონ თუ ამ წლიდან გადაყოლილ საქმეს, ესეც ახალი ტიპის თავსატეხი იქნება 2015 წლის ბიუჯეტისათვის.

12 დეკემბერი:  მინდა გამოგიტყდეთ. ლარი მე გავაუფასურე. ერთბაშად ვიყიდე ყველა ვალუტა, რაც ეროვნულ ბანკს ჰქონდა:). იქიდან ბენდუქიძე მეხმარებოდა.
ბოდიშით!
"თ" ზედმეტიაო. მართლა?!
P.S. ხელში მიჭირავს 1 მილიონი ევრო. 500 ევროიანები.
1 მილიონი დოლარი 100 დოლარიანი კუპიურით არის 10 კილოგრამი.
შეგიძლიათ აწონოთ საქართველოს ვალები და განსაზღვროთ მისი სიმაღლე.
ჩემი სტუდენტები აკეთებენ. გაგაცნობთ.
ეს არის ავსტრიის ეროვნული ბანკის ფულის საცავი. ვსწავლობდით, როგორი ინდა ყოფილიყო ჩვენი საკასო ცენტრი. ჩვენიც ძალიან მაგარია. ეს დღევანდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამსახურებაა. უკეთესი გამოვიდა, ვიდრე თავიდან ვაპირებდით.

16 დეკემბერი:  რუსეთის მთელი ეკონომიკა ერთ ჯიბეში ჩაეტია!

საცოდაობა ტრიალებს რუსეთში. ვალუტა ხომ მიექანება უფსკრულში. გიშინ საფონდო ბაზარი ( RTC-ინდექსი) 10 პროცენტით დაეცა, დღეს კიდევ თერთმეტით. ეს არაა მთავარი. მთავარი და კომიკურად დამამცირებელი ის არის, რომ ბირჟაზე მოვაჭრე ყველა რუსული კომპანიის ღირებულება, თავისი გაზპრომით, როსნეფტით , ბანკებით და არაბანკებით ერთად აღებული, ბლუმბერგის გაანგარიშებით, გუშინ გახდა იმაზე ნაკლები( 384 მილიარდი $), ვიდრე მხოლოდ ერთი ამერიკული კომპანია მაიკროსოფტი ღირს (386 მილიარდი $). ამ ციფრში არ შედის დღევანდელი ვარდნა. სულ მალე კიდევ სამი კომპანია გაასწრებს, მათ შორის გუგლიც. 
მანამდე, ნოემბრის შუა რიცხვებში პირველმა Apple-მა გადაასწრო (643მილიარდი$) კაპიტალიზაციაში რუსულ ბაზარს.
ასეა! რუსეთის მთელ ეკონომიკას ჯიბით დავატარებთ.

20 დეკემბერი:  1998 და 2008 წლის კრიზისები რუსეთმა შედარებით იოლად და მოკლე დროში დაძლია. ამაში უცხოეთიც დაეხმარა. ფინანსური სამყარო სოლიდარული იყო. ერთ ნავში ისხდნენ. ახლა რუსეთი ამ ნავიდან გადმოაგდეს. მიცურავს ეული მაშველი რგოლების ამარა. დიდხანს მოუწევს ტივტივი.

21 დეკემბერი:  სამი მთავარი ფაქტორი, რომელმაც გამოიწვია დღევანდელი ხელისუფლების სულ უფრო მზარდი დევალვაცია:
1. ეკონომიკა
2. უკრაინა
3.კადრები

22 დეკემბერი:   წლის ბოლომდე დარჩა ზუსტად 8 სამუშაო დღე. ბიუჯეტის გეგმის შესასრულებლად საჭიროა ზუსტად 819 მილიონი ლარის დახარჯვა. რომც გადაერიცხოს წლის ბოლომდე ეს თანხა შესაბამის ორგანიზაციებს, ამით გზები აშენდება თუ სკოლები?
ამ დღეებში შემოვიდა დაგვიანებული უცხოური კრედიტების და გრანტების ნაწილი, რომლებიც წლის პირველ ნახევარში უნდა შემოსულიყო და მოხმარებოდა რეალურ საქმეს. 30-31 დეკემერს ალბათ სხვა თანხებიც შეიძლება გადმოირიცხოს. თუ მთავრობა მოისურვებს ბიუჯეტის ქაღალდზე "შესრულებას", მერე არ თქვას, ლარი იმიტომ გაუფასურდა, რომ რუსეთში ცუდადაა საქმეო.

24 დეკემბერი:   გამოქვეყნდა საგარეო სავაჭრო ბალანსის იანვარ-ნოემბრის მონაცემები. მისი უარყოფითი სალდო გაიზარდა 647 მილიონი დოლარით. ამის ძირითადი მიზეზია აგვისტო, სექტემბერ, ოქტომბერ, ნოემბერში ექსპორტის კლება. ნოემბერი საგანგაშოა-35 %. გადავაბრალოთ რუსეთს? არ გამოვა. რუსეთთან ექსპორტი ამავე პერიოდში 1,5-ჯერ გაიზარდა.
გაუარესდა მდგომარეობა აგრეთვე ჩვენთან ვალუტის შემომტან ისეთ სფეროებში, როგორიცაა გადაზიდვები, ტრანსფერები, ტურიზმი და სხვა. მდგომარეობა კიდევ უფრო უარესი იქნებოდა, რომ არა ნავთობზე ფასების კლება მსოფლიო ბაზარზე.
ესენია ლარის გაუფასურების მიზეზი, ანუ ქვეყნის ეკონომიკაში წარმოქმნილი უარყოფითი პროცესები. საგარეო ფაქტორები რა თქმა უნდა მოქმედებენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. ჯანსაღი საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის პირობებში შეიძლება მისი განეიტრალება.

25 დეკემბერი:   აკი არ დავხარჯავთო?
მთავრობამ პირობა დადო, ლარს გავუფრთხილდებითო. რადგან თითქოს დასტაბილურდა, თავი ქუდში ჰგონიათ. ბოლო ოთხ დღეში დაიწყეს ფულის გამოყრა. 280 მილიონი დახარჯეს, მაშინ როცა მანამდე მთელი 20 დღის განმავლობაში მხოლოდ 490 მილიონი ჰქონდათ დახარჯული. თუ ასე გაგრძელდა, თებერვალში ველოდოთ ან ლარის გაუფასურებას, ან ფასების ზრდას.
ცნობისათვის: წინა 11 თვის განმავლობაში, საშუალოდ თვეში 700 მილიონი ლარი იხარჯებოდა.

28 დეკემბერი:   რა მოხდება, თუ ერთსა და იმავე ოდენობის ფულს დახარჯავ ნელ-ნელა თუ ერთბაშად?

თუ თითო ჭიქა ღვინოს დალევ ყოველ დღე-წამალია, თუ 365 ჭიქას დალევ ერთ თვეში-გალოთდები, თუ ერთ დღეში დალევ-მოკვდები. არა და, წლიური ნორმა ხომ არ დარღვეულა არც ერთ შემთხვევაში?!

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge