14 იანვარს "შარლი ებდო" მილიონიანი ტირაჟით გამოვა

14 იანვარს "შარლი ებდო" მილიონიანი ტირაჟით გამოვა

12.01.2015

ნანა ჯანაშია

„შარლი ებდო“ ანუ  ქართულად „ყოველკვირეული შარლი“, პირველად 1970 წელს, მოკრძალებული ტირაჟით გამოვიდა და არსებობის 45 წლის განმავლობაში მცირეტირაჟიანობას თავი ვერ დააღწია. ამბობენ, რომ 2-ჯერ იყო „შარლი ებდო“ ფინანსურად ბედნიერი -  ერთხელ, როცა 100000 ნომერი გაიყიდა და მეორედ, როცა 150 000. ყოფილა შემთხვევები, როდესაც  „შარლი ებდო“ 5-10 ათასი ნომრის  გაყიდვასაც ვერ ახერხებდა და ფრანგული სტელაჟებიდან პირდაპირ რედაქციაში ბრუნდებოდა, მაგრამ არ გაჩერებულა, ფანქრით აგრძელებდა ბრძოლას უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად.  დღეს, 2015 წლის 12 იანვარია და ზუსტად   2 დღეში, ანუ 14 იანვარს, „შარლი ებდო“ ერთმილიონიანი ტირაჟით გამოვა... რა თქმა უნდა, მისი ერთი ნომერიც  არ დარჩება გაუყიდავი. და ეს მოხდება საფრანგეთში, გლოვის მე-7 დღეს... „შარლი ებდოს“ ტრაგედიამ შესძრა მსოფლიო და 11 იანვარს, პარიზში გამართულ სოლიდარობის აქციას სხვადახსხვა ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერ მინისტრები შეუერთდნენ. თავისუფლების სიმბოლოდ ქცეულმა ერთმა პატარა რედაქციამ მსოფლიო შეკრა და გააერთიანა! „მირჩევნია ფეხზე დამდგარი მოვკვდე,  ვიდრე, დაჩოქილმა ვიცოცხლო!“ ეს ის ფრაზაა,  რომელიც 2011 წელს  "მოლოტოვის კოქტეილით" განადგურებული „შარლი ებდოს“ რედაქციის წინ მდგარმა გამომცემელმა სტეფან ჩარბონიერმა (ჩარბი) წარმოთქვა ... ჩარბიმ და მისმა თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ გამოაფხიზლეს  მსოფლიო და პატარა რედაქციიდან ჩვენს გულებში სამუდამოდ გადმოინაცვლეს.

.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge