ნინოობას გილოცავთ!

ნინოობას გილოცავთ!

27.01.2015

კაბადოკიელი ქალწული ნინო წმინდა გიორგის ახლო ნათესავად ერგებოდა. წმიდა გიორგი მე-4 საუკუნის დასაწყისში, ძალიან ახალგაზრდა ეწამა და წმიდა ნინოც დაახლოებით ამ პერიოდში დაიბადა. ის სახელგანთქმული და პატიოსანი მშობლების შვილი იყო. რომის მხედართმთავრ ზაბულონს და იერუსალიმის პატრიარქის დას, სოსანას, ეს ერთადერთი ასული ჰყავდათ. ნინო თორმეტ წლამდე იზრდებოდა კოლასაში. მას დედა ზრდიდა თავის კალთაში და თან დღედაღამ, შეუსვენებლად გლახაკებს ემსახურებოდა.  თორმეტი წლის რომ გახდა ნინო, მისმა მშობლებმა გაყიდეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ და წავიდნენ იერუსალიმში. ზაბილონი პატრიარქის კურთხევით დაშორდა სუსანას, გამოემშვიდობა მხოლოდშობილ შვილს და წავიდა იორდანის გაღმა ასკეტური ცხოვრებისთვის, რის შემდეგაც იგი არავის უნახავს. სუსანა კი პატრიარქმა დააყენა გლახაკებისა და უძლური ქალების მომვლელად.  ნინო ორი წლის განამავლობაში ემსახურებოდა მიაფორს, დვინელ სომეხს, რომელიც მას უყვებოდა ქრისტეს ცხოვრების, მისი შესამოსელის, ჯვრების და სხვა სიწმიდეების შესახებ. მისგან შეიტყო ნინომ, რომ მაცხოვრის კვართი ქართველ ებრაელებს წაუღიათ მცხეთაში და მისგანვე შეიტყო ამ ქვეყნის ადგილმდებარეობის ამბავი. თოთხმეტი წლის იყო ნინო, როდესაც იერუსალიმში ჩამოვიდა ვიღაც ეფესელი ქალი, რომელიც რომის სამეფო კარზე მსახურობდა. ამ ქალის სიტყვებით, რომაელებს დიდი ლტოლვა ჰქონდათ ქრისტეს რჯულისა და ნათლისღების მიმართ. ამის გამო გადაწყვიტა ნინომ, რომ წასულიყო  ელენე დედოფალთან ქრისტეს რჯულის საქადაგებლად. იობენალ პატრიარქის კურთხევით ნინო გაემგზავრა იმ ქალთან ერთად და როდესაც მივიდნენ მის სახლში, იქ ნახა ვიღაც დიდებული, მეფეთა ნათესავი ქალი, სახელად რიფსიმე, რომელსაც ქრისტეს აღიარების სურვილი ჰქონდა და იერუსალიმიდან ელოდა ნათლისღებას. მაშინ ნინოს ხელქვეშ მოინათლა რიფსიმე და მისი სახლის ორმოცი სული და დარჩა მის სახლში კიდევ ორი წელი. ნინომ გაიგო ქრისტეს მიწიერი წამების ამბავი და ისიც, რომ თურმე უფლის კვართი (უკერავი პერანგი) წილისყრით შეხვედრია მცხეთელ ებრაელს, ელიოზს, რომელსაც იგი, დისა და დედის თხოვნით, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში წაუსვენებიათ. ნინო ოცნებობდა ივერიაში ჩამოსვლაზე, რათა ქრისტეს პერანგის მოხვევის ღირსი გამხდარიყო.ღმერთმა ისმინა მხურვალე ლოცვა. მას წმინდა მარიამი გამოეცხადა ძილში და უბრძანა: ''წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში და იქადაგე სახარება''. ღვთისმშობელმა იქვე მდგარი ვაზისაგან გააკეთა ჯვარი, რომელიც ნინომ საკუთარი ნაწნავით შეკრა. მან მიაღწია მცხეთას და იწყო ქადაგება.სამკურნალო ხელოვნებით მოსახლეობის ყურადღება დაიმსახურა. მცხეთაში მისვლიდან მე-6 წელს წმინდა ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახი. მისი წყალობით მცხეთაში ქრისტიანობის მრავალი მიმდევარი გაჩნდა. წმინდა ნინო თიანეთში ასულა და ბევრი ქართველი გაუქრისტიანებია. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge