პოლიტიკურ პროცესებში ბავშვების ჩართვის ცუდი მცდელობა

პოლიტიკურ პროცესებში ბავშვების ჩართვის ცუდი მცდელობა

16.03.2015

ძალადობის კადრების ვიდეო ჩვენება სკოლის მოსწავლეებისთვის. ბოლო დღეებში ფოთში, ზუგდიდსა და ხობში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" მოზარდებისთვის სპეციალურ ღონისძიებებს აწყობს. ბავშვებს თეატრის დარბაზში აგროვებენ და გასული წლების გახმაურებული საქმეების კადრებს აჩვენებენ, მათ შორის ციხის სკანდალურ კადრებს.

"პოსტსკრიპტუმის" ინფორმაციით პროცესში ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლებაც და განათლების სამინისტროც. 

ფოთში მოსწავლებლები ქალაქის განვითარების თემასთან დაკავშირებით დაიბარეს, თუმცა მათ წინა ხელისუფლების 9 წლიან მმართველობაზე ესაუბრნენ და ციხეში გადაღებული კადრები აჩვენეს. 12-დან 17 წლამდე მოზარდები, მათივე თქმით ფოთის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან პედაგოგებმა და დირექტორებმა ორგანიზებულად წაიყვანეს. 

ანალოგიური მოვლენები განვითარდა ხობშიც, სადაც სხვადასხვა სოფლიდან ავტობუსებით თეატრში ათობით ბავშვი მასწავლებლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიყვანეს.

იგივე შინაარსის ფილმის ჩვენება გაიმართა ზუგდიდშიც. დარბაზში შეკრებილ არასრულწლოვნებს და მათ პედაგოგებს აქაც საკრებულოს თავმჯდომარე და გუბერნატორის მოადგილე მიესალმნენ და 9 წლიან რეჟიმზე ესაუბრნენ. 

ორგანიზაციში, სადაც საკუთარ აპოლიტიკურობაზე საუბრობენ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ერთიანდებიან. რატომ აქვს რიგით არასამთავრობო ორგანიზაციას ადგილობრივი ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა, მოძრაობის ხელმძღვანელი არ განმარტავს. დარბაზში არასრულწლოვნების მიყვანაზე პასუხისმგებლობას გია სალუქვაძეც ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს.

განათლების სამინისტრო საკითხის მოკვლევას ხვალიდან დაიწყებს. უწყებაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების მხრიდან აქციის ხელშეწყობა, სადაც არასრულწლოვნებს აკრძალული ვიდეომასალა აჩვენეს, სამინისტრო მკაცრ რეაგირებას მოახდენს.

http://rustavi2.com/ka/news/11795



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge