თბილისური 9 მაისი

თბილისური 9 მაისი

09.05.2015

ნანა ჯანაშია

წვიმიანი 9 მაისი ყველამ სათავისოდ გამოიყენა. ვინც მართლა იომა, გადარჩა და დღემდე მოაღწია, ვულოცავ! ფაშიზმი ნამდვილად არ უნდა არსებობდეს დედამიწაზე, არა აქვს მნიშვნელობა გერმანული იქნება ის, რუსული, თუ ფრანციცული... 9 მაისის ღამეს რუსეთიდან ჩამოსულ ბაიკერებს სახელად „ღამის მგლები“,  რომლებიც გეორგიევსკის ლენტას რა ხანია ცხვირწინ გვიფრიალებენ,  მოტოციკლეტები უკრაინის დროშის ფერებში შეუღებეს.

გათენდა თუ არა,  ამით განაწყენებულმა  კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" წევრებმა, სასწრაფოდ დაამზადეს ამერიკელების შეურაცხმყოფელი პლაკატები, წითელბუშტებიან ქალებს დააკავეს ხელში და გაუშვეს ვაკის პარკში.

 

ვაკის პარკში აშშ-ის ელჩი ნორლანდიც გამოჩნდა და ამერიკაზე შეყვარებულ ქართველ ბაბუს გაესაუბრა.

ირაკლი წერეთელმა იმ არასამთავრობოებს გამოუცხადა სოლიდარობა,

რომლებიც  საქართველოში რუსი „მგლების“ შემოსვლას და გეორგიევსკის ბაფთის ფრიალს  აპროტესტებდნენ.

ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა საღებავი შეასხეს რუსეთუმე ქართველებს.

 

პოლიციამ ეტყობა ეს ვერ შენიშნა და იმათი დაკავებები დაიწყო ვინც „გაბედა“ და რამდენიმე მოქალაქეს  გეორგიევსკის ბაფთა მოახსნა. სწორედ ამ ქმედების გამო დააკავეს გია ჭანტურია

და კიდევ რამდენიმე აქტივისტი.

ვინც ვაკის პარკში არ იყო, იმათთვის ჩვეულებრივი შაბათი იყო. ზოგს, არც კი ახსოვდა, რომ 9 მაისი იყო - გაუფასურებულ ლარზე დარდობდა... ზოგს ახსოვდა და სწყინდა, რომ რუსებმა გაიმარჯვეს და არა  გერმანელებმა... ზოგს  გული იმის გამო სტკიოდა, რომ ქართველთა ნაწილმა  გეორგიევსკის "ლენტა" გულზე მიიკრა , რუსების მიერ წართმეული აფხაზეთი და სამაჩაბლო კი  დაივიწყა..

გარეთ  კი წვიმდა და ფერადი ქოლგები  ფარავდნენ  ქალაქს... 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge