ამაღლებას გილოცავთ!

ამაღლებას გილოცავთ!

21.05.2015

გთავაზობთ ამაღლების ლოცვას და ამ დღესასწაულის მოკლე ისტორიას:

"ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა."

აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში მაცხოვარი თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.

აღდგომიდან მე-40 დღეს, იერუსალიმში, ქრისტეს მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას.

შემდეგ მაცხოვარმა ისინი წაიყვანა ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე. იქ ხელები აღაპყრო ცისაკენ და აკურთხა თავისი მოციქულები. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ, ზეცად ამაღლდა და ღრუბლებში გაუჩინარდა.

მოწაფეები დიდხანს უცქერდნენ ცას, სადაც თვალს მიეფარა მაცხოვარი. ამ დროს მათ გამოეცხადათ ორი ანგელოზი, „და აჰა, ორი კაცი წარმოუდგათ მათ თეთრ სამოსელში, რომლებმაც ასე უთხრეს: კაცნო გალილეველნო, რად დგახართ ცას შემყურენი? ეს იესო, ცად ამაღლებული თქვენგან, იმგვარადვე მოვა, რა სახითაც ნახეთ იგი ცისკენ მავალი“ (საქმე 1. 10-11).

ამგვარად დასრულდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრება და ადამიანებს დაუმკვიდრდათ ზეციური ცხოვრება.

ამაღლება არის ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც განხორციელდა კაცობრიობის გადასარჩენად: უფლის განკაცება - უქორწინებელი შობა, მკვდრეთით აღდგომა და ამაღლება.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge