სიმდიდრეს ქველმოქმედება უხდება

სიმდიდრეს ქველმოქმედება უხდება

12.06.2015

„მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ ჩემთვის უცნობ ახლადდაქორწინებულ წყვილს, მაგრამ იცით რაზე მეშლება ნერვები???

ვინმე გოდერძი ბუკია 1995 წლიდან საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია, მანამდე კი კომკავშირული და პარტიული (მაშინ ერთი პარტია არსებობდა) აპარატის მაღალი რანგის ბიუროკრატი იყო ... გახლდათ სმკ-სა (2003 წლამდე) და ენმ-ს წევრი (2012 წლამდე). დღეს უკვე "ქართული ოცნების" უმრავლესობაში ირიცხება ...

არის ხობის ოთხგზის მაჟორიტარი. ერთხელ ვარ ხობში ნამყოფი, ღარიბ და სოციალურად გაჭირვებულ პატარა ქალაქში... ამბობენ, რომ იგი მთელი თავისი პოლიტიკური ბიოგრაფიის განმავლობაში გახლდათ უპრინციპო და მოღალატე პირი... მთელი მისი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ერთადერი მიზანი ჰქონდა - ყოფილიყო თავისი ბიზნესის ლობისტი. ამტკიცებენ, რომ ამჟამად ეს ღირსეული პარლამენტარი ხუდონჰესის მშენებლობის ყველაზე დიდი მცველი და ტრანსელექტრიკასა თუ მირცხულავას მთავარი პარტნიორია...

გული მწყდება იმაზე, რომ ყველა რეჟიმის პირობებში ეს ადამიანები ხელისუფლებაში რჩებიან, ყველას კალთის ქვეშ მისასვლელ გზას პოულობენ ...

გული მწყდება, რომ მხოლოდ ასეთი არამზადები არიან მდიდრები. მხოლოდ ასეთ ადამიანებსა და მათ ნათესავებს აქვთ ბედნიერების უფლება. თან მათ ხომ ბედნიერების ერთადერთ გამოხატულებად ზღვარგადასული ფუფუნება მიაჩნიათ!!!

გული მწყდება, რომ ჩემს ირგვლივ რამდენიმე წყვილი ვერ ქორწინდება, რადგან უმუშევრები არიან, ბინა არ აქვთ, თან მათ მშობლებს უნამუსობა არ უკადრიათ.

გული მწყდება ჩვენს მმართველ კოალიციაზე!

კარგი, ასეთ ადამიანებს გადასახადებს არ აკისრებ! კარგი, მისი ბიზნესინტერესების წინააღმდეგ ვერ მიდიხარ და ემონები მას! კარგი, პოლიტიკური მიზნებით უმრავლესობაში შემოიყვანე და ხელს აფარებ!..

მთელი შემადგენლობით, მინისტრებითა და დეპუტატებით მაინც ნუ მიხვალ მისი შვილის ქორწილში ღომის საჭმელად! თუმცა, ელაპარაკე ქაჯებს!!!," - ასეთ კომენტარს  აკეთებს  მოძრაობა „მწვანე მუშტის" წევრი ლევან ლორთქიფანიძე  ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ქალიშვილის  ქორწილის  ვიდეოზე..

Palimfsesti.ge: მართალი გითხრათ, საერთოდ არ  ვიცოდით ამ  დეპუტატის არსებობის შესახებაც კი,  რომ არა ლევან  ლორთქიფანიძის ეს  კომენტარი ... გულწრფელად  ვულოცავთ ახალდაქორწინებულებს .  მათი  „ბრალი“ ნამდვილად არაა,  თუ ერთ-ერთის მამამ  სიმდიდრის დაგროვება შესძლო.  მაგრამ, სიმდიდრე მხოლოდ მაშინაა  ლამაზი,  როდესაც ქველმოქმედების ქოლგის ქვეშაა მოკალათებული,  თან,  რაც უფრო დიდია ეს ქოლგა,  მით უფრო  ნაკლებიად ხვდება  მას წვიმის წვეთები... 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge