ნანა ჯანაშია
ზუსტად ვერ ვიხსენებ 1998 წელი იყო თუ 1999, როდესაც პაროფესორმა სტივენ ჯონსმა გვითხრა, რომ ჩვენს ოჯახში სტუმარს მოიყვანდა. მის შესახებ ბევრი კარგი რამ მქონდა განაგონი და შორიდანაც ვიცნობდი, მაგრამ, როდესაც გავაცნობიერე, რომ ოჯახში უნდა მიმეღო, გარკვეულწილად ღელვა შემეპარა. მაუნტ ჰოლიოკ კოლეჯის იმ სახლს, რომელსაც ჩემი ოჯახი ამერიკაში ცხოვრებისას ქირაობდა, ერთი ზედმეტი ოთახი ჰქონდა და გადავწყვიტეთ, სტუმარს იქ მოესვენა. ჩემი ბავშვები მთელი დღე გახარებულები იყვნენ, ქართველი ადამიანის სტუმრობის პერსპექტივით. საღამოვდებოდა, როდესაც ფანჯრიდან შევნიშნე, რომ კოლეჯ სთრითიდან ჩვენი ეზოსკენ ტაქსიმ შემოუხვია. მივხვდი, რომ ეს ბატონი ალიკა რონდელი იქნებოდა, რადგან ჩემი მეზობლები ყოველთვის საკუთარი მანქანებით ბრუნდებოდნენ სახლებში. ეს ღვაწლმოსილი ადამიანი ძალიან მოკრძალებული სტუმარი აღმოჩნდა. მხოლოდ 2 დღით შეგაწუხებთ, მერე სხვა შტატში ვარ ჩასასვლელიო, გვითხრა. დაღლილი კი იყო, მაგრამ სუფრასთან მაინც ბევრი ისაუბრა საქართველოზე, იხუმრაკიდეც, როცა გაიგო, რომ რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ მიმყავდა „სარკეში“ ბლოკნოტი ამოიღო და იმ ქართველი სტუდენტების ტელეფონები ჩამაწერინა, რომლებიც შტატებში სწავლობდნენ. ჩემი შვილიც აქ სწავლობსო, მითხრა. ეს დიდი დახმარება იყო ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, რადგან მაშინ ინფორმაციის მოპოვება დღევანდელისგან განსხვავებით ძალიან ჭირდა. მეორე დილით, ჩემი მეუღლე და ბატონი ალიკა კოლეჯში წასასვლელად რომ ემზადებოდნენ ისე, კვლავ ტაქსი შევნიშნე ეზოში. გამიკვირდა, რადგან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ტაქსს ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც საუფ ჰადლია, თითქმის არავინ იყენებს. კიდევ უფრო ის გამიკვირდა, როდესაც მგზავრის ნაცვლად მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან, რაღაცით ხელში...
- ბატონო ალიკა, ტაქსის მძღოლი გვესტუმრა, მგონი მანქანაში რაღაც დაგრჩათმეთქი, ვუთხარი.
ჩავიდა, დიდხანს უხდიდა მადლობას იმ კაცს და ბავშვივით ბედნიერი და გახარებული დაბრუნდა. ხელში კასეტა ეჭირა. გვითხრა, რომ როდესაც ჩვენთან მოდიოდა, მძღოლს ქანთრი ჰქონდა ჩართული. უთხრა თურმე, რომ ძალიან უყვარდა ამ ჟანრის მუსიკა. იმ კაცმა კი, მეორე დილით, ასეთი საჩუქარი გაუკეთა ქართველ პროფესორს.
დიახ, ამერიკელებმა ნამდვილად იციან კარგის ცნობა და დაფასება, სულ ერთია ვინ იქნება ის ამერიკელი - ტაქსის მძღოლი თუ ქვეყნის პრეზიდენტი.
დასანანია, რომ ბატონი ალიკა, ასეთი ახალგაზრდა წავიდა იმქვეყნად...