"და ბოლოს მაინც ნაომარნი, დაღლილნი გზებით, მშობელ კერასთან დაბრუნდებიან..."

"და ბოლოს მაინც ნაომარნი, დაღლილნი გზებით, მშობელ კერასთან დაბრუნდებიან..."

09.09.2015

თეიმურაზ გვანცელაძე

სოხუმის სახელმწიფო უივერსიტეტის პროფესორი

შესრულებულა 85 წელი ცნობილი ქართველი პოეტის ზურაბ კუხიანიძის დაბადებიდან.

ბატონი ზურაბი სკოლაში რუსულ ენას მასწავლიდა ცოტა ხანს, მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, თუ იგი შესანიშნავი ლექსების ავტორი იყო. სკოლის დამთავრებიდან 10 წლის მერე სოხუმში გამართულ დიმიტრი გულიას დაბადების 110 წლისთავის იუბილეზე სასტუმროს ერთ სართულზე აღმოვჩნდით და იქ გამოვეცნაურე. ძალიან გაუხარდა და გაოცდა, როცა გაიგო, რომ აფხზური ენის სპეციალისტი ვიყავი. გამეხუმრა, ”კაცო, მე რუსულს გასწავლიდი და შენ აფხაზური გისწავლია”-ო. როცა საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვედი და ქართულ, რუსულ და აფხაზურ ენებზე ვისაუბრე აფხაზი პოეტის შესახებ, კვლავ მითხრა, ”შენ ვინ ყოფილხარ, რუსულიც ქე გისწავლია და აფხაზურიც ზედ მიგიყოლებია”-ო.

უფალმა ნათელში ამყოფოს ბატონი ზურაბის სული!

გთავაზობთ მის ერთ ლექსს:

ბიჭები

საულვაშეზე გაუჩნდებათ ღინღლი და მალე
საიალაღოდ გაიწევენ, როგორც ხარები…
დედის ნაფერებ, ნაალერსებ ცეცხლიან თვალებს
სხვისი უბისკენ გააპარებენ.

გალაღდებიან და სხეულში იფეთქებს ჯიში,
თითქოსდა მართლაც უნახესო მათ გასაღები.
მამისგან ნასწავლ სადღეგრძელოს ტოლებთან, ლხინში,
თავის ნათქვამად გაასაღებენ.

არ იკითხავენ, რა აწუხებს, რა ულხინს ოჯახს,
მათი გაფრენით ვინ იხარა, ან ვინ ეწამა…
დაიკოს ნატიფ თეთრ ხელებით დავარცხნილ ქოჩორს
სხვას მიუშვერენ გასაწეწავად.

ნათელ ნაკვალევს დაუტოვებს სახეზე წლები,
თუმცა თვალები არასოდეს არ ხუნდებიან.
და ბოლოს მაინც ნაომარნი, დაღლილნი გზებით,
მშობელ კერასთან დაბრუნდებიან.

აღარ დახვდებათ აღარც დედა და აღარც მამა
და ბალღებივით ყრუ ქვითინი აუვარდებათ,
მაგრამ დაგმანულ, ცივ ფანჯრებზე, შხამად თუ წამლად,
იკანკალებენ შავი ფარდები.

მხრებს ჩამოყრიან, როგორც ქარით დალეწილ რტოებს,
დანამულ თვალებს შეავლებენ ეზოს ცირცელებს…
ისევ იტყვიან მამის ნათქვამ სადღეგრძელოებს
და დედას ისევ ცოცხალივით დაიფიცებენ…

ზურაბ კუხიანიძე



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge