ზურაბ კუხიანიძე - კაცი? კაცი ოხერია...

ზურაბ კუხიანიძე - კაცი? კაცი ოხერია...

09.09.2015

კაცი? - კაცი ოხერია, თქმა იციან ქალებმა

ცხოვრებაში მარტოობა დიდად არ ენაღვლებათ

სახლში ცოლი თუ გაწყრება შუბლს იწმენდენ ოფლიანს

კარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან.

 

წარბი თუ არ გაუხსენი წავა არც მოგინატრებს

ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე...

კაცი? - კაცი ოხერია, როგორც ლოდი საყორე

არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.

 

ქალი? - ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანს,

ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს,

რაც არ უნდა სუსტი იყოს შიში არ აქვს აღმართის

იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც

 

თუ დაგჭირდა გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,

ოღონდ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს,

მარტოობის წლები გულში გაეყრება ხანჯლებად,

შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნება.

 

ქალს?... ქალს მარტო ნუ დასტოვებთ სანამ ქვეყნად არსებობთ,

ქალი? - ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო!!!

ზურაბ კუხიანიძე



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge