კაცობრიობის 78 %-ს ცხოვრების აზრის და მიზნის პოვნა აწუხებს

კაცობრიობის 78 %-ს ცხოვრების აზრის და მიზნის პოვნა აწუხებს

11.09.2015

მასალა მოამზადა ნანა ნამიკოლაველმა

ვიქტორ ფრანკლი(1905-1997)  გახლავთ ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც შექმნა თავისი ლოგოთერაპია. ის ფსიქიური აშლილობის უმთავრეს მიზეზად ადამიანის ცხოვრებაში საზრისის არარსებობას ასახელებდა. მან II მსოფლიო ომამადე 30 ათასზე მეტ თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. თავადაც  საკონცენტრაციო ბანაკებში არაადამიანური 3 წელი გაატარა.   საკონცენტრაციო ბანაკიდან თავის დაღწევა კი იმ მიზნით დაისახა, რომ  თავისი გამოცდილება სხვებისთვის გაეზიარებინა. იქიდან გამოსულმა დაასკვნა, რომ  თუ ადამიანს აქვს რაღაც, რისთვისაც უნდა იცხოვროს, ყოველთვის შეძლებს ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვას  და არ ჩავარდება სასოწარკვეთილებაში.  შეუძლია გაუმკლავდეს მძიმე მდგომარეობას. გთავაზობთ ვიქტორ ფრანკლის გამოსვლას, რომელიც 1972 წელსაა ჩაწერილი:

-ევროპელები,  ნებისმიერ ამერიკელ სტუდენტს  და  ზრდსრულ ამერიკელს უყურებენ, როგორც ადამიანს, რომელსაც სურს იშოვოს დიდი ფული. სინამდვილეში კი,  მხოლოდ 16% მიიჩნევს მთავარ პრობლემად  მაღალ ანაზღაურებას და საერთოდ ფულის შოვნას. ყველაზე მრავალრიცხოვან კატეგორიას კი იცით რა სურს?! აღმოჩნდა, რომ  ამერიკელი სტუდენტების 78 %-ს   ცხოვრების აზრის და მიზნის პოვნა აწუხებს. და ეს არის რეალისტური შეხედულება კაცობრიობაზე. იცით, თქვენ არ დამიჯერებთ,  რომ მე, მიუხედავად ჩემი ჭაღარისა და ასაკისა, ახლახან დავიწყე თვითმფრინავის პილოტირების გაკვეთილებზე სიარული.  ჩემმა ინსტრუქტორმა  კი იცით რა მითხრა? თუ თქვენ გამოფრინდებით A წერტილიდან და გინდათ მიაღწიოთ  B წერტილს  აღმოსავლეთში, მაგრამ უბერავს  ჩრდილოეთის ქარი,  დაფრინდებით C წერტილში, ანუ  სხვაგან. ამიტომ,  არსებობს პილოტებში გამოთქმა:  „ფრენა დაქანებით“.  ნებისმიერი გაფრენისას, სასურველი აეროდრომიდან მაღლა,  ჩრდილოეთით უნდა აიღოთ კურსი. მხოლოდ ასე მიაღწევთ სასურველ აეროდრომს. იმ შემთხვევაში კი, თუ  აეროდრომის მიმართულებით გაფრინდებით,  მისგან სამხრეთით დაეშვებით.

პლოტების ეს წესი  ადამიანებზეც ვრცელდება. თუ ადამიანს ისეთად შევაფასებთ, როგორიცაა სინამდვილეში, ის უარესობისკენ წავა. მაგრამ, თუ ვიქნებით იდეალისტები,  გადაჭარბებულად კარგად შევაფასებთ  მას,  წარმოვაჩენთ იმაზე უკეთესად, ვიდრე სინამდვილეშია, ხელს შევუწყობთ გახდეს  ისეთი, როგორიც მართლა შეიძლება  რომ იყოს!  ამიტომაა საჭირო, ვიყოთ  იდეალისტები, რათა შევცვალოთ არსებული რეალობა უკეთესობისაკენ! ხშირად,  ადამიანს ისეთად განვიხილავთ, როგორიც ვალდებულია რომ იყოს.  ამით, მას  ვუსპობთ შესაძლებლობას გახდეს ისეთი, როგორიც შეიძლებოდა რომ  გამხდარიყო. ეს არ უთქვამს ჩემი პილოტირების ინსტრუქტორს და არც ჩემი სიტყვებია, ეს თქვა დიდმა გოეთემ.

ერთი სიტყვით, თუ  ვერ დაინახავთ ახალგაზრდაში საზრისს, ამით მას უფრო უარესს, მოსაწყენს და იმედგაცრუებულს გახდით.  ეს იმედგაცრუება თანდათან გამძაფრდება. მაგრამ, თუ ამ ადამიანში, (პატიმარში,  არასრულწლოვან დამნაშავეში,  ნარკომანში...)   მის მიერ საზრისისაკენ სწრაფვის თუნდაც ნაპერწკალს დაინახავთ,  ხელი უნდა შეუწყოთ ამ ნაპერწკლის გაღვივებაში და ამით, აიძულებთ  გახდეს ისეთი, როგორიც,  პრინციპში, შეუძლია რომ იყოს.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge