მასალა მოამზადა ჯილდა მარტვილელმა
წელს თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. 9 სექტემბრის ინფორმაციით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეებს ყურძნის სახლში დაწურვას ურჩევდა, დღეს კი, 11 სექტემბერს, მოვლენები ასე განვითარდა: აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღის წესრიგში რთველი 2015-ის საკითხის შეტანა ითხოვეს. "წინასწარ გეთქვათ და დღის წესრიგში პირველ საკითხად ამას შევიტანდითო", - მიმართა ტყემალაძემ იმ მევენახეებს, რომლებიც ამ სხდომას ესწრებოდნენ. იყო კამათი, რის შემდეგაც, ენმ-ის წევრებმა და მევენახეების ნაწილმა სხდომა დატოვეს. იმის გამო, რომ ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული კახელი მევენახეები აღშფოთებულები არიან. დღეს, გურჯაანელ გლეხებს ლაგოდეხელი მევენახეებიც შეუერთდნენ და მათ თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე აქცია გამართეს. მევენახეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირების დროს, ოთხი ადამიანი დაიკავეს, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილეს სცემეს.