ნანა ჯანაშია
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის, ნებისმიერი სასწავლო თუ სამეცნიერო-კვლევითი გრანტის მოპოვება ჰოლივუდურ ფილმში მთავარი როლის მიღების ტოლფასია. იმის გაფიქრებაზეც კი ჟრუანტელი მივლის ტანში, რომ, რომელიმე ევროპულ ან ამერიკულ უნივერსიტეტში მექნება ჩემი სივრცე, მეყოლება კეთილგანწყობილი ხელმძღვანელი და არ მექნება იმაზე საფიქრალი, თუ სად და როგორ ვიშოვო ამა თუ იმ სემესტრის დასასრულებლად საჭირო თანხა. მოკლედ, სწავლა ან სამეცნიერო მოღვაწეობა რომელიმე წარმატებულ საზღვარგარეთულ უნივერსიტეტში ის გამოცდილებაა, რომლის მიღებაც ღირს და რომელიც თავს მინიმუმ ჰოლივუდის ვარსკვლავად გაგრძნობინებს! მესმის, რომ ეს არ არის ადვილი. უნდა იყო საუკეთესო, არა მხოლოდ განათლების კუთხით, არამედ შენი ცხოვრების წესით და მსოფლმხედველობით. გადიხარ უამრავ გამოცდას, ელოდები წლიდან წლამდე... ვიცი შემთხვევა, როდესაც მე-7 მცდელობისას, ანუ მე-7 წელს მიიღო ერთმა მეცნიერმა ამერიკული გრანტი.
ეს სექტემბერი ბედნიერი აღმოჩნდა იმ 15 პროფესიონალისა და მომავალი ლიდერისათვის, რომლებსაც ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა ჩივნინგის სტიპენდიის მიღება მიულოცა. ქალბატონმა ელჩმა წარმატება უსურვა იმ სტუდენტებს, რომლებიც ჩივნინგის პროგრამის მეშვეობით 2015/2016 სასწავლო წელს წამყვან ბრიტანულ უნივერსიტეტებში ისწავლიან. ჩივნინგის პროგრამასა და საქართველოს ბანკს შორის პარტნიორობა 2013 წელს გაფორმდა. სწორედ ამიტომ წლევანდელი გამარჯვებულებიდან საქართველოს ბანკმა 3 ახალგაზრდა სრულად დააფინანსა (საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, მურთაზ კიკორია).
P.S. ჩივნინგის პროგრამა (სტიპენდიები) Chevening Scolarships დაარსდა 1983 წელს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ეს გახლავთ ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის საერთაშორისო სტიპენდია დიდ ბრიტანეთში. ჩივნინგის პროგრამა დაფინასებულია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მას ადმინისტრირებას საქართველოში1994 წლიდან ბრიტანეთის საბჭო უწევს.
ფოტო ეკუთვნის საქართველოს ბანკს.