ტიხო ბრაჰე (შვედური დღიურები)

ტიხო ბრაჰე (შვედური დღიურები)

29.09.2015

 ნანა ჯანაშია

კუნძული ვენი, რომელიც ბალტიის ზღვაში დანიასა და შვედეთს შორის ერესუნის სრუტეში მდებარეობს და ლანდსკრუნას (შვედეთი) მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, თავის დროზე უდიდეს ასტრონომიულ ცენტრს წარმოადგენდა. დანია~ნორვეგიის მეფემ ფრედერიკ მეორემ ის ასტრონომ ტიხო ბრაჰეს უსახსოვრა. ეს მოხდა 1576 წლის 23 მაისს.        

ვინ იყო ტიხო ბრაჰე?!  

 დღევანდელი გადმოსახედიდან ის შვედია, რადგან სკონეში დაიბადა. ეს მხარე 1546 წელს დანიის ნაწილი იყო, დღეს   შვედეთს ეკუთვნის.  ტიხოს მშობლები დიდგვაროვანთა წრის წარმომადგენლები იყვნენ, აქედან გამომდინარე, მათმა ვაჟმა ძალიან  კარგი განათლება მიიღო. თუმცა, ერთი მინუსი ჰქონდა _ ჩხუბებში უყვარდა მონაწილეობა და შედეგად  ცხვირის ნაწილიც დაკარგა. ამიტომ იყო, რომ ლატუნის ცხვირის პროთეზით გაატარა მთელი ცხოვრება. მიუხედავად ამ ნაკლისა, ტიხო ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობდა, კონკრეტულად კი კოპენჰაგენის, ლაიფციგის, როსტოკის, ვიტენბერგის და ბაზელის.

ტიხო ბრაჰეს ნიჭიერება ფრედერიკ მეორემ იმით დააფასა, რომ მას კუნძულ ვენზე ობსერვატორიის მოწყობისას ფინანსური დახმარება გაუწია. ტიხომ ურანიბორგის ობსერვატორია 1576 წელს მოაწყო და თავისივე ხელმძღვანელობით დამზადებული საუკეთესო ხელსაწყოებით აღჭურვა. ცნობილი ასტროლოგი ტიხო ბრაჰე სწორედ ამ ობსერვატორიიდან 21 წელი  აკვირდებოდა ვარსკვლავებს, პლანეტებს, კომეტებს

და დიდი სიზუსტით განსაზღვრა მათი მდებარეობა ცაზე. დაამტკიცა, რომ კომეტები ციური სხეულებია და ისინი დედამიწიდან მთვარეზე უფრო შორს არიან. ბრაჰემ არ სცნო სამყაროს ჰელიოცენტრული (მზე ცენტრში) სისტემა და მის ნაცვლად შემოიტანა ახალი გეოცენტრული (დედამიწა ცენტრში). მიუხედავად დიდი დამსახურებისა, მეფესთან უთანხმოება მაინც მოუვიდა და ბრაჰე 1597 წელს იძულებული გახდა სამშობლოდან გადახვეწუილიყო. მან 2 წელი  გერმანიაში იცხოვრა, 1601 წელს კი ჩეხეთში  დალია სული.     

იმ ადგილას, სადაც ტიხო ბრაჰემ ურანიბორგის ობსერვატორია დააარსა  და სადაც დიდებული სასახლე იდგა, დღეს მხოლოდ  მისი ძეგლი დგას და რენესანსის სტილის პარკია გაშენებული.

მხოლოდ ქუჩის გადაღმაა შემორჩენილი მეორე, შერნებორგის ობსერვატორია, რომელიც ასევე ტიხოს დაარსებულია და  ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს.

კუნძულ ვენს 7 კილომერის ფართობი უკავია და დღეს იქ 300 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, მისდევენ მესაქონლეობას,

აქვთ შაქრის ჭარხლისა და ხორბლის ყანები,

კეთილმოწყობილ სახლებში კი სასტუმროებია მოწყობილი

და ტურისტებს დიდი სიხარულით მასპინძლობენ.

კუნძულამდე ბორნით მგზავრობენ, 

სახლამდე კი  ველოსიპედით,

 

მანქანით ან სულაც ფეხით.

ისინი  თავისუფალ დროს  გაჰყურებენ ზღვას,

გემთა მიმოსვლას და ცას, რომელსაც ტიხო ბრაჰე ამ მიწიდან 21 წელი აკვირდებოდა და გადატრიალება მოახდინა ასტრონომიაში.          



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge