მაკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებების მიმართულებით დევიდ კრამერი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის ხმას ესაუბრა:
"საქმეს პოლიტიკური თამაშების სუნი ასდის. რუსთავი 2 დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა, რომელიც შეიძლება ნაციონალური მოძრაობისკენ იხრებოდეს, მაგრამ ის დამოუკიდებელი ტელევიზიაა და რომელ მხარესაც უნდა, იმ მხარეს გადაიხრება. პრესის თავისუფლება სწორედ ეს არის. მთავრობის მხრიდან ძალიან ბევრი თავდასხმა იყო განხორციელებული რუსთავი 2-ის, როგორც "ნაციონალური მოძრაობის რუპორის" წინააღმდეგ. ეს არავის ეხმარება. დარწმუნებული ვარ, ობამას ადმინისტრაციას არ მოსწონს, რას ამბობს მასზე Fox News, მაგრამ ისინი ტელეარხს ან რესპუბლიკურ პარტიას კრიმინალურ ორგანიზაციას არ უწოდებენ. მთავრობამ მშვიდი დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოს და ამასთან, საპროტესტო დემონსტრაციებიც მშვიდობიანი მეთოდებით უნდა გაიმართოს... ძალადობა საქართველოში არავის სურს. პრემიერმინისტრის განცხადება დაძაბულობას ამწვავებს. პრეზიდენტის მიერ ყველასთვის სიმშვიდის მოწოდება და სასამართლოსთვის გარე ფაქტორების გათვალისწინების მოწოდება კონსტრუქციული იყო... რაც უფრო მეტად ემსგავსება საქართველო ქვეყანას, სადაც შიდაპოლიტიკური ვითარება ნებისმიერ წუთს შეიძლება აფეთქდეს, მით უფრო მეტ მხარდამჭერს დაკარგავს საქართველო დასავლეთში. ეს არავის აძლევს ხელს, გარდა ერთი ადამიანისა და ეს ადამიანი ბატონი პუტინია".