იონა მეუნარგიას მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე

იონა მეუნარგიას მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე

08.11.2015

იონა მეუნარგია

თითონ ილიამ გვიამბო:

1.მოსამართლედ რომ ვიყავი ერთი გლეხი მიწას ედავებოდა ყაზბეგს.-ბატონო, მიწა ჩემია, თეიმურაზ მეფის დროსა მაქვს ნაყიდი, მოწმეცა მყავს და ახლა ყაზბეგი მართმევს, მიშველე დამიფარეო შემომჩივლა გლეხმა.

მე დავიბარე გლეხისაგან ნახსენები მოწმე.

-შენ მოწმე ხარ, რომ ესა და ეს მიწა ამ გლეხს აქვს ნაყიდი-თეიმურაზ მეფის დროს?

-დიახ, შენი ჭირიმე, მოწმე ვარ, თუნდ დამაფიცეთ, ფრჩხილის საკვეთი ამიღია.

თურმე ძველი ჩვეულება ყოფილა, როცა მიწას იყიდდა ვინმე, დამსწრე მოწმეს ფრჩხილს მოსჭრიდნენ. ამისათვის გასამრჯელოს აძლევდნენ იმას- და ეს მოწმე ვალდებული იყო უფროსი შვილისათვის ეამბა ამ ნაყიდობის ამბავი. შვილი შვილიშვილს გადასცმდა და ამგვარად ნასყიდობის ისტორია გადადიოდა მოდგმიდამ მოდგმაზე. თუ ვისმე შვილი არ ეყოლებოდა იმათთვის უნდა ეამბნა ვინც გვარში უფროსი იქნებოდა.

ილიას ეს ჩვეულება მეტად არ გაეგონა, ძლიერ მოეწონა და მოწმის ჩვენების თანახმად სადაო მიწა გლეხს მიუსაჯა.

ყაზბეგმა აპელაცია გადაიტანა, საცა სწერდა: მომრიგებელ მოსამართლემ მკვდრები ააყენა მიწიდამ და ჩვენება ჩამოართვაო, Мертвых допрашивает-ო.

2. მეორე მოგონება:

ილიამ ერთი ძმის მაგიერ მეორე გაასამართლა და საპატიმროში ჩასვა.

ვიღც ზაქარიას ბრალდებოდა ხეების მოპარვა. საქმის გარჩევის დროს მოსამართლემ ბრალდებულის გვარი მოიკითხა.

-მე გახლავარ ბატონო, წამოიძახა გლეხმა.

შენ წაიღე ხეები?

დიახ ბატონო წავიღე.

რა კი დანაშაული ეჭვს გარეშე იყო, იქვე განჩინება დავსწერე და ბრალდებული საპატიმროში გავაგზავნე. ჯერ კიდევ საპატიმროში ყოფნა არ გაეთავებინა დასჯილს, რომ ჩემთან მოვიდა მისი ძმა.

-შენ ვინ ხარ?

-ესა და ეს ზაქარია გახლავარ ბატონო.

-როგორ ზაქარია, ის ხომ ციხეში არის?

-არა შენი ჭირიმე, ციხეში ჩემი ძმა გავგზავნე, მე საქმეები მქონდა ქალაქში და არ მეცალაო, მიპასუხა გლეხ-კაცმა.

მომრიგებელ მოსამართლედ ილია დარჩა 6 თუ 7 წელი.

1874 წელს ილიამ სულ დაანება თავი სახელმწიფო სამსახურს და შეუდგა თბილისის საადგილმამულო ბანკის საქმეს. 

 

Palimfsesti.ge: ილიას მკვლელობის ორგანიზატორები სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე იყვნენ. პირველი მათგანი სტალინმა მოაკვლევინა, მეორემ კი თავი ჩამოიხრჩო. 

საქმე იმაში გახლავთ, რომ  1895 წლის 14 ივნისს ილიას „ივერიის” პირველ გვერდზე, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დაიბეჭდა სამსტროფიანი უსათაურო ლექსი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი...” ლექსის ავტორი ხელს აწერდა ფსევდონიმით: „ი. ჯ-შვილი”.   

1895 წელს კვლავ „ივერიაში”,  პირველ გვერდზე და „სოსელოს” ფსევდონიმით გამოქვეყნდა სტალინის სხვა  ლექსი.

 სტალინი მაშინ  17 წლის ბიჭი იყო და მისი ნიჭიერება პირველმა ილიამ  შენიშნა, ის ნიჭიერება, რომელიც შემდგომში ბოროტების იმპერიამ იგდო ხელთ  და სათავისოდ გამოიყენა.

 ყმაწვილკაცობისას დაბეჭდილი ლექსით გამოწვეული სიხარული სულ სხვა სიხარულია და სწორედ ეს ვერ დაუკარგა დიდმა დიქტატორმა დიდ რედაქტორს... 

P.S. 8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის (1837-1907) დაბადების დღეა

რა ვაკეთეთ რას ვშვრებოდით, ანუ... საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა

ერთხელ მე და პაპა-ჩემი

ერთ ადგილს შევიყარენით;

ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,

მრავალჯერ დავამთქნარევით.

მერე ვუთხარ: - პაპა-ჩემო!

უწინდელი რამ გვაუწყეთ:

რით ვიდიდეთ თავი ჩვენი,

სახელი რით მოვიხვეჭეთ?

მაგალითებრ, მაშინ, როცა

მიიწურა ქართლის ბედი,

როცა მოგვიკვდა ერეკლე,

ის ჩვენი ქვეყნის იმედი, -

რა ვაკეთეთ, რას ვშვებოდით?

- შენი მტერი!... პირღიადა

დავრჩით და ცას შევყუროდით.

მერე, როს მეფე გიორგი

დაჯდა შერყეულსა ტახტზედ,

შინ თვისტომნი აუჯანყდნენ, 

წამოასხდნენ მტრადა თავზედ, -

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ 

ვწეწდით და ვიწეწებოდით.

მერე, როცა ემაგ წეწვით

მეფეს საქმე გავუჭირეთ

და ქვეყანას ერთგულება

ჩვენი ურცხვად გავუძვირეთ, -

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- რუსეთისკენ სახვეწნელად 

გავრბოდით და გამოვრბოდით.

მერე, როცა საწყალ მეფემ

დაგვიყენა ლეკნი მცველად,

თვის ქონება სრულად დასდვა

ჩვენი ქვეყნის დასახსნელად, -

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?                            

- მადლიერნი მუთაქაზედ

ვიწექით და ვნებივრობდით.

მერე, როცა მოკვდა მეფე,

აიშალნენ მეუფეთ ძენი

და ერთმანეთის შურითა

სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, -

რა ვეკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- ჩვენც ლამაზად სულყველასა

თვითო-თვითოდ ვღალატობდით.

მერე, როცა დაქსაქსულნი

უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო,

ქართვლის ბედი ბურთსავითა

სათამაშოდ შინ გაიგდო, -

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად

ვჯირითობდით, ვბურთაობდით!

მერე, როცა გაგვიჭირდა

ყოფნა უცხოს ხალხის ხელში,

როს საშველად მოწვეულმა

წაგვიჭირა თოკი ყელში, -

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- მაშინ მივხვდით, რომ ყველანი

ერთს ტაფაში ვიწვებოდით.

მერე, როცა ამ წვა-დაგვამ

დღენი ჩვენნი მოგვაწბილა,

ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ,

სინიდისმაც გაგვამხილა, -

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- შერცხვენილნი და დამწვარნი

აქა-იქა ვჩურჩულობდით.

მერე, როცა ეგ ჩურჩული

შეგვიტყვეს, თუ შეგვამცნიეს,

როცა ცხვრისა ფარასავით

მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, -

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- ფერმიხდილნი ბეზღობაში

ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.

მერე, როცა მაგ ბეზღობით

ზოგმა თავი გადვირჩინეთ,

ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი

ჩვენ თავიდან ავიცდინეთ, -

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- მოვყევით და სიხარულით

ყოველ-დღე ვბედოვლათობდით.

მერე, როს ბედოვლათობით

საქმე ხელთ არ მოდიოდა,

რაც რამ გვქონდა სულ გავფლანგეთ,

არარა შემოგვდიოდა, -

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- ერთმანეთს უსინიდისოდ

მამულებს ვეცილებოდით.

მერე, როცა მაგ ცილობით

ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,

ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს

ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, -

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- ჭკვიანურად იმ ცეცხლის წინ

ვისხედით და ხელს ვითბობდით.

მერე, როს ხელთ სათბობადაც

ჩვენი სახლი აღარ ვარგდა,

როცა დიდი და პატარა 

გაღარიბდა, გაღატაკდა, -

რა ვაკეთეთ? რას ვშჰვრებოდით?

- თვით შევსხედით მაღლა თაროს,

დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით.

მერე, როცა ეს ყმებიცა

დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ

და ცხოვრების ჩვენის წყარო

მაგ გზობითაც თითქო შესწყდნენ, - 

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ...

ვტიროდით, ვიხოცებოდით!..

მერე, როცა მაგ ტირილით

ყმები აღარ დაგვიბრუნდა

და ყმებისა მოშორების

გულს ტკივილი დაგვიყუჩდა, -

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- რაღაც ბანკი მოვიგონეთ

და მასზედ ვლაზღანდარობდით

მერე, როს საშვილიშვილოს

ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა:

ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო, 

არ მომცაო შვილი ღმერთმა, -

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

- „Наплечо“ - ბა გვასწავლეო,

მთავრობას ვეხვეწებოდით.

მერე როცა... - კიდევ როცა! ... -

აქ გამიწყრა პაპა-ჩვენი:

- შემაწუხე ამდენ კითხვით,

„პოჟოლუსტა,“ დამეხსენი.

რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით

უსაქმოდ ვეხეტებოდით.

ილია ჭავჭავაძე

 24 აგვისტო. 1871 წ.

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge