ასტრიდ ლინდგრენის თბილისურ დაბადების დღეზე შვედ-ქართველმა მომღერელმა საბინა ჭანტურიამ იმღერა

ასტრიდ ლინდგრენის თბილისურ დაბადების დღეზე შვედ-ქართველმა მომღერელმა საბინა ჭანტურიამ იმღერა

15.11.2015

ნანა ჯანაშია

„მიყვარს მარტოობა და წიგნები, ჩემი სამუშაო. მიყვარს თეატრი და კინო, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და არანაკლებ-მოგზაურობიდან შინ დაბრუნება. კიდევ, კიდევ ადამიანები მიყვარს.“  ეს, შვედი საბავშვო მწერლის  ასტრიდ ლინდგრენის სიტყვებია.

„ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის“ ეს კი ანტუან დე სენტ-ეკზიუპერიმ თქვა.

 ბევრი დიდი მწერალი დიდებისთვის არაფერს წერს... მათი უმეტესობა, მთელი ცხოვრება,  თავს ბავშვად გრძნობს და ალბათ ამიტომ, მათ საბავშვო მწერლები ჰქვიათ.  ერთ-ერთი და საუკეთესო მათ შორის - ასტრიდ ლინდგრენია და მას, 14  ნოემბერს, საქართველოს მწერლის სახლში  საბავშვო  პოეტისა და მთარგმნელის  ვასილ გულეურის ორგანიზებით ულამაზესი დაბადების დღე გადაუხადეს.

enlightened...ასტრიდი შვედი კი იყო, მაგრამ  საერთოდ არ იყო ლინდგრენი, ერიქსონი გახლდათ გვარად... ლინდგრენი მეუღლე ჰყავდა. ქმრის გვარი კი მხოლოდ იმიტომ აიღო, რომ სიღარიბეგამოვლილი ახალგაზრდა ქალი დააფასა და ღირსეულად აცხოვრა. ლინდგრენზე გათხოვებისას დიდი ბიჭი ჰყავდა ასტრიდს. მალე გოგონაც შეეძინათ და სწორედ ეს ბავშვი, სახელად კატრინი, გახდა იმის მიზეზი, რომ ასტრიდმა წერა დაიწყო. კატრინი ყოველდღე ახალ-ახალი ზღაპრების მოყოლას სთხოვდა დედას, და ერთხელაც, როდესაც ასტრიდს ზღაპრების მარაგი შემოელია,  კატრინმა უთხრა, რომ პეპი გრძელი წინდის შესახებ მოეყოლა რამე. ასტრიდმა არც კი იცოდა თუ ვინ იყო პეპი, მაგრამ მდიდარი ფანტაზიის წყალობით გაუგონარი თავგადასავლების მოყოლა დაიწყო. ერთი სიტყვით, პეპი კატრინის წარმოსახვის ნაყოფი გახლავთ. სხვათაშორის, კარლსონიც მისი წარმოსახვის ნაყოფია.  ერთხელ, კატრინმა დედას უთხრა, რომ ფანჯრიდან პატარა კაცი შემოფრინდა, რომელიც მშობლების შემოსვლისას კარადის უკან დაიმალა...mail

საქართველოს მწერლის სახლში ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღის აღსანიშნავად 200-მდე ბავშვი მოვიდა. ზოგი ისეთი იყო, გეგონებოდათ, ლინდგრენის წიგნებიდან გვესტუმრაო.  ქალბატონი ასტრიდი ეკრანიდან უმზერდა მათ... ბატონი ვასო გულეური კი  საინტერესო ფაქტებს ყვებოდა დიდ მწერალზე. საღამოს ორგანიზატორმა ჯერ ვიქტორინა  ჩაატარა, მერე  უზარმაზარი კროსვორდი შეავსებინა ბავშვებს. ძალიან ბევრი ისაუბრა ასტრიდზე,  შვედეთზე,შემდეგ კი სცენა  შვედეთიდან მოწვეულ სტუმარს, ახალგაზრდა მომღერალსა და კომპოზიტორ საბინა ჭანტურიას დაუთმო. საბინამ  ტრადიციული შვედური სიმღერები შეასრულა, მათ შორის  "Uti vår hage"  და "Vem kan segla" რაც თბილისელ ბავშვებსა და მათ მშობლებს ძალიან მოეწონათ. საღამოს ესწრებოდა  შვედური ენიდან არაერთი წიგნის ქართულად მთარგმნელი ქალბატონი ნატო კვარაცხელია. მან დადებითად შეაფასა საბინას მონაწილეობა ამ ღონისძიებაში.

 საღამოს დასასრულს გაიმართა ფოტოსესია. საბინა ჭანტურიამ არაერთი სამახსოვრო ფოტო გადაიღო  ასტრიდ ლინდგრენის გმირებად გარდასახულ ქართველ გოგო-ბიჭებთან.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge