ბერძნული ცეცხლი — ცეცხლგამჩენი ნაზავი, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ბიზანტიის იმპერიაში. ვარაუდობენ, რომ შედგებოდა ასფალტში არეული ნავთის, გოგირდის, ფისის, გვარჯილისა და დაუშლელი კირისაგან. როგორც წესი, ბიზანტიელები მას საზღვაო ბრძოლებში იყენებდნენ მისი დიდი ეფექტის გამო, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ნაზავი წყალში მოხვედრის შემდეგაც აგრძელებდა წვას.
ბერძნული ცეცხლი იყო მრავალ ბრძოლაში ბიზანტიელების გამარჯვების საიდუმლო, განსაკუთრებით კი მიზეზი კონსტანტინოპოლის ასაღებად მოწყობილ ორ არაბულ ლაშქრობაში დედაქალაქის გადარჩენისა, რამაც იმპერია დაცემას გადაარჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეობაში ამ ნივთიერების აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი „ბერძნული ცეცხლი”, ორიგინალურ ბიზანტიურ წყაროებში მას სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ, მაგ. „ზღვის ცეცხლი” (ძველ ბერძნ. πῦρ θαλάσσιον pyr thalássion), „რომაული ცეცხლი” (πῦρ ῥωμαϊκόν pyr rhomaïkón), „ომის ცეცხლი” (πολεμικὸν πῦρ polemikòn pyr), „თხევადი ცეცხლი” (ὑγρὸν πῦρ hýgron pyr), „წებოვანი ცეცხლი” (πῦρ κολλητικόν pyr kolletikón) და ა. შ. ka.wikipedia.