მასალა მოამზადა ნანა ჯანაშიამ
ბერლინში მდებარე ბელევიუს სასახლე, რომელიც 1994 წლიდან გერმანიის პრეზიდენტის პირველ რეზიდენციას წარმოადგენს, 1786 წელს პრუსიის მეფის ფრიდრიხ II -ის უმცროსი ძმის პრინც ფერდინანდის მიერაა აშენებული.
გერმანიის პრეზიდენტის მეორე რეზიდენცია კი 1860 წელს აშენებული ჰამერშმიტის ვილა გახლავთ ქ. ბონში, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს თეთრ სახლს ვაშინგტონში, ამიტომ მას მეტსახელად „ბონის თეთრ სახლსაც“ უწოდებენ. სასახლემ სახელწოდება მისი ერთ-ერთი ბოლო მეპატრონის, კომერსანტის და ფაბრიკანტის რუდოლფ ჰამერშმიტის მიხედვით მიიღო.
გერმანიის პრეზიდენტი ანუ ბუნდესპრეზიდენტი (გერმ. Bundespräsident;) 2012 წლიდან არის იოახიმ გაუკი. ის 1940 წლის 24 იანვარს დაიბადა და გახლავთ ყოფილი ლუთერანი პასტორი. ანტიკომუნისტია და ადამიანის უფლებების დამცველი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო გდრ-ში.
იოახიმ გაუკი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეთაური და პირველი პირია, თუმცა, ნაკლები პოლიტიკური გავლენა აქვს ბუნდესკანცლერთან (ანგელა მერკელთან) შედარებით. გერმანიის პრეზიდენტი ქვეყანას მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოადგენს.თუმცა, მისი კომპეტენციის ფარგლებში საშინაო პოლიტიკის ისეთი საკითხებიც შედის, როგორიცაა ფორმალური მხარდაჭერა საკანონმდებლო აქტების მიღებისას; მთავრობების, მინისტრების, მოსამართლეების და სხვათა დანიშვნა; პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნის პრეროგატივა. ბუნდესპრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით სპეციალურად მოწვეული ფედერალური კრების მიერ.
P.S. ერთი სიტყვით, გერმანიის პრეზიდენტს ქვეყანაში აქვს ნაკლები პოლიტიკური გავლენა, ვიდრე ბუნდესკანცლერ ანგელა მერკელს, მაგრამ აქვს ორი საუკეთესო სასახლე და ეს, ჯერ არავის გაუპროტესტებია!
ჰამერშმიტის ვილა ბონში
გერმანიის პრეზიდენტი იოახიმ გაუკი
ბელევიუს სასახლე, ბერლინი