რატი ამაღლობელი: „მოდის სშინელი ზიზღისა და მუქარების წერილები, თუმცა გაცილებით მეტნი ხართ ისინი, ვინც თანადგომასა და სითბოს გამოხატავთ, ამიტომ მოგმართავთ თქვენ მადლიერების განცდით და არა მათ, ვინც ზიზღში და ბოღმაში განლევს წუთისოფელს,
ძალიან დიდი მადლობა თანადგომისათვის, გილოცავთ შობას და გისურვებთ ისეთ სკოლებს საქართველოში, სადაც მოწაფეები “შპარგელკების” გარეშე ისწავლიან ლიტერატურას, პოეზიას, შეძლებენ წაკითხულიდან შინაარსის დამოუკიდებლად გამოტანას, მსჯელობას, საკუთარი აზრების კონსტრუირებას, მათ ჰარმონიაში მოყვანას სამყაროსთან, უნივერსუმთან, ხილულთან და უხილავთან, არა კომპრომისებისა და კონფორმიზმის ხარჯზე, არამედ სხვათა მოსმენის, გაგების, სწორი აღქმისა და მათში ერთგვარი შეღწევის, სხვად-ყოფნის, სხვად-ქცევის მეშვეობით, საშუალებით. სხვაგვარად გაუგებარი, ბენლით მოცული, ყრუ და არაფრის მთქმელია სამყარო, ასეთივენი ვართ ჩვენც მის მიმართ.
როგორ გვჭირდება კარგი სკოლები და მასწავლებლები, ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერს უნდა შეეშვას კაცი და ერთი კარგი სკოლა გააკეთოს, სადაც ბოლომდე დაიხარჯება ახალგაზრდებისათვის.“
Palimfsesti.ge: ლექსი "პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში" რატი ამაღლობელმა მიუძღვნა მეტრო "დელისის" მიწისქვეშა გადასასვლელში, 2016 წლის 4 იანვარს სიცივით გაყინულ ადამიანს. პოეტი ღვთის რჩეულია. მას ღვთის სიტყვა მიაქვს ხალხის ყურამდე. პოეტი მხოლოდ ლამაზი ფრაზებისთვის არ შეუქმნია უფალს. მას დიდი მისია აკისრია და ეს მისია იმაში მდგომარეობს, რომ უკეთ დაინახოს და გაგიგონოს, გააცნობიეროს, განიცადოს... ის, რაც სხვისთვის მხოლოდ ნიუსია.
P.S.: და საერთოდაც, რა გახდა ასეთი ეს ერთი პატარა საქართველო, რით ვერ დააპურდა და გაათბა?! დავიჯერო, ასე ძნელია 4 მილიონ ადამიანში დაუცველის და გაჭირვებულის გამოვლენა, მისი წამოყენება გადასასვლელების... საფეხურებიდან?! რა აზრი აქვს თავშესაფრის არსებობას, თუ მიუსაფარი მოკვდება გარეთ?! (ნ.ჯ.)