სკივრით დაბრუნებული სამშობლო

სკივრით დაბრუნებული სამშობლო

20.02.2016

ნანა ჯანაშია

1921 წლის 18 მარტს ბთუმიდან 3 გემი გავიდა - დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრებით, მათი ოჯახის წევრებით და სამახსოვრო ნივთებით. ამ გემზე იყო მექი კედია, დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმის ხელმძღვანელი, ორსულ ცოლთან, ოჯახის სხვა წევრებთან და  სკივრთან ერთად, რომელშიც სახლიდან წამოღებული სამახსოვრო ნივთები ეწყო. სტამბოლში ჩასულ კედიებს შეეძინათ ულამაზესი გოგონა და მას დაარქვეს ზეინაბი. თურქეთში 4 წელი დარჩნენ, რადგან საქართველოსთან სიახლოვეს და დაბრუნების იმედს ვერ ელეოდნენ. და როცა, ეს იმედი საბოლოოდ გადაეწურათ (საქართველოს გასაბჭოების გამო) პარიზში გადასახლდნენ. ცხოვრობდნენ ლევილში, ნოე ჟორდანიას მთავრობის სხვა წევრების სიახლოვეს. ცხოვრობდნენ  უავეჯოდ. სახლში მხოლოდ  სკივრი ედგათ, საქართველოდან წამოღებული.  ყოველ ახალ წელს ამბობდნენ:  მომავალ წელს თბილისში შევხვდებითო! ფრანგული არ იცოდნენ. ინტელექტუალურ სამსახურზე ვერც კი იოცნებებდნენ.  მშობლები ფიზიკურად შრომობდნენ  არსობის პურის მოსაპოვებლად.  შვილები ფრანგულ სკოლაში დადიოდნენ. სახლში მხოლოდ ქართულად საუბრობდნენ - მშობლიური ენა რომ არ დავიწყებოდათ! ასე გადაარჩინეს, ასე შემოინახეს! პარიზში ქართველი ბებოც ჰყავდათ. განიცდიდა თურმე, საქართველოში ვერდაბრუნებას... ისე გარდაიცვალა, არც კი  გასულა პარიზის ქუჩებში (პროტესტის ნიშნად)! გაიზარდნენ ბავშვები. შეეძინათ შვილები. ისინიც გაიზარდნენ და აი მაშინ, ერთ-ერთ მათგანთან (ქალბატონ ზეინაბ კეიდიას დიპლომატ ქალიშვილთან - სალომე ზურაბიშვილთან) ერთად დაიწყო სკივრმა სამსახურებრივი მოგზაურობა. პირველად სკივრის შესახებ ვაშინგტონში შეიტყვეს. შემდეგ ვენაში. მერე სკივრი გაიცნეს ნაჯმენშიც (ჩადი), იქიდან ბრიუსელში ჩამოფრინდა, ბრიუსელიდან პარიზში. ბევრი იფრინა თუ ცოტა იფრინა, ბოლოს  საქართველოს მოუახლოვდა, ოღონდ ამჯერად გემით. 1921 წლის 18 მარტს კეიდიების ოჯახთან ერთად ბათუმიდან იძულებით გამგზავრბული სკივრი,  2003 წელს ამ ოჯახის დიპლომატმა შვილიშვილმა,  საქართველოში  საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის რანგში მოვლინებულმა სალომე ზურაბიშვილმა, ( რომელიც პარიზში, 18 მარტსაა დაბადებული) შინ დააბრუნა!  ქალბატონი სალომეს წყალობით, ამ სკივრის ისტორია იცის მსოფლიოოს არაერთმა დიპლომატიურმა სამსახურმა, ე.ი. იციან საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის  და მისი ძალადობრივად წართმევის შესახებაც. საერთაშორისო არენაზე მოხვედრილი კეიდიების სკივრი უსიტყვოდ იბრძოდა საქართველოს მეორე დამოუკიდებლობისათვის. დიპლომატიურ კორპუსს უქმნიდა აზრს საქართელოზე!  ის, რაც დღეს გვაქვს -  მისი მონაპოვარიცაა!

P.S. ქართული ემიგრაციის პირმშო, ზეინაბ კეიდია, გუშინ, 94 წლის ასაკში გარდაცვლილა პარიზში...ჭკვიანი და ლამაზი ქართველი, რომელმაც შვილებს, შვილიშვილებს ენა შემოუნახა, მშობლების დანატოვარი სკივრით კი  აგრესორის მიერ წართმეული სამშობლო შეაყვარა და დაუბრუნა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge