მოამზადა ნანა ჯანაშიამ
1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში ბოლშევიკებმა გერმანიასთან და მის მოკავშირე სახელმწიფოებთან საზავო ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ძალითაც რუსეთმა პირველ მსოფლიო ომში დამარცხება აღიარა. კრემლმა კონტროლი დაკარგა კავკასიაზეც. ბრესტის შეთანხმებით, კავკასია გერმანიის მოკავშირის თურქეთის ინტერესის სფეროში მოექცა. 1918 წლის გაზაფხულზე თურქეთმა კავკასიაში სამხედრო ინტერვენცია დაიწყო და აპრილში ბათუმი, არდაგანი და ყარსი დაიკავა. თურქებმა საქართველოს დასავლეთის ოკუპირება მოახდინეს. ამიერკავკასიას მთლიანი ოკუპაციის საფრთხე დაემუქრა. სეიმმა ზავი ითხოვა, მაგრამ თურქეთი თანახმა იყო მოლაპარაკებები მხოლოდ დამოუკიდებელ სუბიექტთან დაეწყო. 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიამ რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის შედეგადაც რუქაზე ახალი სახელმწიფო - ამერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა გაჩნდა. 1918 წლის 11 მაისს, ბათუმში ამიერკავკასიის ფედრაციასა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. - თურქეთი ახალციხის, ახალქალაქის და ერევნის გუბერნიის გადმოცემას ითხოვა. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. დელეგაციის ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა წევრებმა საერთო პოზიცია კვლავ ვერ შეიმუშავეს. ასეთ ვითარებაში საქართველომ დახმარება, ბათუმის მოლაპარაკებებზე, დამკვირვებლის სტატუსით მყოფ გერმანიას სთხოვა. თურქეთსა და გერმანიას შორის ჯერ კიდევ აპრილში დაიდო შეთანხმება კავკასიაში გავლენის სფეროების გადანაწილების თაობაზე. ამასთან, ბერლინს რეგიონში საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიც ჰქონდა და თურქეთის გავლენის ზედმეტად გაძლიერება არ სურდა. ქართველების მიმართვის საპასუხოდ კაიზერის მთავრობამ საქართველოს, ამიერკავკასიის ფედერაციის შემადგენლობიდან გამოსვლა და დამოუკიდებლობის გამოცხადება ურჩია. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, ამიერკავკასიის სეიმის ბოლო სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა ფედერაციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. იმავე დღეს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მის მაგალითს სულ მალე აზერბაიჯანმა და სომხეთმაც მიბაძეს. 1918 წლის 11 მაისს რუსეთთან კავშირის გაწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა მთიელთა რესპუბლიკამ, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. გერმანიამ პირველ მსოფლიო ომში ანტანტის წინაშე დამარცხება აღიარა. კაპიტულაცია გამოაცხადა გერმანიის მოკავშირე თურქეთმაც. შედეგად თურქეთს კავკასიის რეგიონის დატოვება მოუწია. ამით დაუყოვნებლივ ისარგებლეს რუსებმა. 1919 წლის გაზაფხულზე თეთრგვარდიელთა არმიამ, რომელსაც გენერალი დენიკინი ხელმძღვანელობდა, პრაქტიკულად მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ოკუპირება მოახდინა. დენიკი აკონტროლებდა შავიზღვისპირეთს, ყუბანს, ინგუშეთს, ოსეთს, ჩეჩნეთს. დაღესტანის უდიდეს ნაწილს. ბოლშევიკების მიერ განახლებულმა რუსეთმა კავკასიაში ხელმეორედ დამკვიდრება 1920 წლის დასაწყისში დაიწყო. აპრილში ბაქო აიღეს (ბაქოელებს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და 5 დღეში დაიკავეს), ნოემბერში ერევანი სამ დღეში აიღეს. საქართველომ კი დამოუკიდებლობა ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა. 1921 წლის 11 თებერვალს დაიწყო რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია და ამას 35 დღე მოანდომა. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში საქართველომ გაუწია.
1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაეცა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა. ქართველი იუნკრების, ჯარისკაცების გვამებზე ბოლშევიკებმა გადაიარეს და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს. მიუხედავად ამისა, ნოე ჟორდანიას მთავრობა 18 მარტამდე საქართველოში იყო და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ერთან ერთად წინააღმდეგობას უწევდა ბოლშევიკებს. მხოლოდ 18 მარტს გაემგზავრნენ ისინი ბათუმიდან სტამბოლის გავლით საფრანგეთში, იმ მიზნით, რომ საქართველო რუსეთის კლანჭებიდან ევროპელების დახმარებით დაეხსნათ. საქართველოში დარჩენილ პატრიოტებს კი წუთითაც არ შეუწყვეტიათ ბრძოლა კომუნისტური ტირანიის წინააღმდეგ. 1921-23 წლებში, წინააღმდეგობის თავგანწირული მოძრაობა დაიწყო, რასაც სასტიკი საბჭოთა რეპრესიები მოჰყვა.
კავკასიის დაპყრობის შემდეგ, კრემლმა რეგიონის საზღვრების გადაკეთება დაიწყო. როგორც იმიერკავკასიაში, ასევე ამიერკავკასიაში მოსკოვმა რამდენიმე ტიპის ავტონომიური წარმონაქმნები დააფუძნა. საზღვრების გადაკეთების მთავარ მიზანს კავკასიელთა ურთიერთგადამტერება წარმოადგენდა. ასე შექმნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი და ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკა.