ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი რუსთავი ორის საკასაციო საჩივარზე:
"რაღაც გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდა საქმეში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, უზენაესმა სასამართლომ საბოლოო სიტყვა თქვას და განიხილოს დეტალურად ის საკითხები, რომლებიც არაერთხელ იყო დასმული ამ საქმის მსვლელობის დროს. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, მათ შორის, საქმის მიმდინარეობას უზენაეს სასამართლოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით და შემდეგ მოვახდენთ ამაზე რეაგირებას."
მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში დავით ჯანდიერი რუსთავი ორის საქმეზე:
„ქიბარ ხალვაშსა და რუსთავი ორს შორის არსებული დავა არ განეკუთვნება კერძო ხასიათის სამართალწარმოებას, ეს არის დავა, რომელიც მიმართულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ხელისუფლების მიზანი, ჩარეულიყო რუსთავი ორის საქმეში, ნათლად გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში. კანონმდებლობაში მკაფიოდ არის გაწერილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები, რომლებსაც სრულად აკმაყოფილებს რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარი. თუ უზენაესი სასამართლო არ მიიღებს საქმეს ამ მკვეთრად გამოხატული საფუძვლების მიუხედავად და უარს იტყვის საქმის განხილვაზე, ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად უკანონო გადაწყვეტილება".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი:
„მოვუწოდებთ უზენაეს სასამართლოს, მიიღოს რუსთავი 2-ის საქმე წარმოებაში, იხელმძღვანელოს სამართლიანობის პრინციპით და გადაარჩინოს არა მხოლოდ თავისუფალი მედიაგარემო, არამედ სასამართლოს რეპუტაცია შელახული. მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ ხელი აიღოს როგორც მედიაგარემოს განადგურებაზე, ისე სასამართლოს დაქვემდებარებაზე.“
http://www.tabula.ge/ge/verbatim/109771-ratiani-movutsodebt-uzenaes-sasamartlos-gadaarchinos-sasamartlos-reputacia
14 ივლისი, 2016