"წინასწარმეტყველი"
"თქვენი შვილები თქვენთვის შვილები არ არიან, ისინი არიან ძენი და ასულნი ცხოვრების წესისა, ისინი თქვენი წყალობით ევლინებიან ქვეყანას, მაგრამ თქვენგან არ გამოდიან, და თუმცა თქვენთან არიან, თქვენ არ გეკუთნიან. შეგიძლიათ მათ მისცეთ სიყვარული, მაგრამ ვერ მისცემთ გონებას, რადგან მათ თვითონ აქვთ გონება, შეგიძლიათ თავშესაფარი მოუძებნოთ მათ სხეულს, მაგრამ არა სულს, რადგან მათი სული ხვალინდელი დღის სამყოფელში ბინადრობს, სადაც თქვენ ოცნებებშიც კი ვერ მოხვდებით ვერასდროს, შეიძლება ეცადოთ რომ დაემსგავსოთ მათ, მაგრამ ნუ ეცდებით რომ დაიმსგავსოთ ისინი, რადგან ცხოვრება არასდროს არ ბრუნდება უკან და არ ჩერდება გუშინდელზე. თქვემ მშვილდი ხართ რომლებმაც თქვენი შვილები როგორც ცოცხალი ისრები წინ გაისროლა, მშვილდოსანი ხედავს სამიზნეს უსასრულობაში და თავისაკენ იზიდავს მშვილდს, რომ ისრები სწრაფად გაფრინდნენ შორს. დაე მოზიდულმა მშვილდმა მოგიტანოთ სიხარული, რადგან ისევე უყვარს მას გაფრენილი ისარი,როგორც მშვილდი, რომელიც მუდამ მასთანაა". ჯიბრან ხალილი. ინგლისურიდან თარგმნა ნინო დოლიძემ.
ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ბიოგრაფია
ხალილ ჯიბრანი ლიბანში ბშარის რეგიონში გაიზარდა. ბავშვობაში ფორმალური განათლება არ მიუღია, ვინაიდან ოჯახი ძალიან ღარიბი იყო. თუმცა მის ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ქრისტიანი მოძღვრები, რომლებმაც მას ბიბლია, სირიაკი (არამეულის დიალექტი) და არაბული ენები ასწავლეს. ადრეულ ბავშვობაში მისი ოჯახის ქონებას ოსმანთა მმართველებმა კონფისკაცია გაუკეთეს მამამისის გადასახადებისგან თავის არიდების გამო. უსახლკაროდ დარჩენილმა ოჯახმა გადაწყვიდა ჯიბრანის ბიძას ამერიკაში გაჰყოლოდა. ხალილის მამა ციხიდან 1894 წელს გამოუშვეს, თუმცა მან ლიბანში დარჩენა არჩია.
იმ დროისთვის ბოსტონის საუს ენდში ამერიკაში სიდიდით მეორე ლიბანური დასახლება იყო და ჯიბრანთა ოჯახმა აქ გადაწყვიტა დასახლება. დედამისმა კარდაკარ გამყიდველად დაიწყო მუშაობა და ხალილმა სკოლაში წასვლა შეძლო. ვინაიდან მას მანამდე ფორმალური განათლება არ მიუღია, ის სპეციალურ კლასში დასვეს ემიგრანტთათვის, რათა ინგლისური შეესწავლა.
ადრეული მოზარდობის წლებში ჯიბრანის მონახაზებმა მის მასწავლებელთა ყურადღება მიიქცია, რომლებმაც ის ბოსტონელ ფოტოგრაფსა და გამომცემელ ფრედ ჰოლანდ დეის შეახვედრეს, ეს უკანასკნელი თავის მხრივ მას არტისტული ნიჭის გამომჟღავნებაში ეხმარება. ხალილის პირველი სამხატვრო გამოფენა 1904 წელს მოეწყო ბოსტონში, სადაც გაიცნო მერი ჰაქსელი, ქალთა გიმნაზიის დირექტორი ბოსტონში. ხალილს მერი ჰაქსელი შეუყვარდა, და ხელიც სთხოვა მას, თუმცა მერიმ უარი უთხრა, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ქალი ხალილზე 10 წლით უფროსი იყო. "არ არსებობს პირველი სიყვარული, არის ძლიერი სიყვარული, რომელიც შლის ყველას, რაც იყო მასზე უწინ, თუნდ ათასი ყოფილიყო", ეს ჯიბრან ხალილ ჯიბრანის სიტყვებია, ალბათ, მერი ჰაქსელის გამო დაწერილი. (ნ.ჯ.) შემდეგ, ის პარიზში მიდის ხელოვნების შესასწავლად ოგიუსტ როდენთან (1908 – 1910).
ჯიბრანის ადრეული ლიტერატურული ნამუშევრები არაბულ ენაზე იყო, თუმცა 1918 წლიდან ის ინგლისურ ენაზე იწყებს წერას. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია “წინასწარმეტყველი” (The Prophet), რომელიც 26 პოეტური ესესგან შედგება. მისი თქმით ეს წიგნი ბაჰაიზმის წმინდა ლიდერს აბდულ-ბაჰას ეძღვნება. ჯიბრანის ინიციატივით 1920 წელს ნიუ-იორკში ჩამოყალიბდა არაბი ემიგრანტების ლიტერატურული საზოგადოება "ალ-რაბიტა ალ-კალამიია" ("თანამოკალმეთა ასოციაცია").
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი გარდაიცვალა ნიუ-იორკში 1931 წლის 10 აპრილს ღვიძლის ცეროზისა და ტუბერკულოზის შედეგად. დაკრძალულია მარ-სარქისის ეკლესიაში ლიბანში. ის ყველაზე განთქმული ლიბანელ-ამერიკელი მწერალია და “წინასწარმეტყველი” მის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად რჩება, რომლის ციტატებსაც ხშირად ქორწინებებსა და ნათლობებზე კითხულობენ. ჯიბრანის ნამუშევრებმა განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა ამერიკულ პოპ-კულტურაზე 1960-იანებში. მისი ნამუშევრების უმრავლესობა ქრისტიანობასა და აღმოსავლეთის ორთოდოქსულ ეკლესიებში გავრცელებულ კორუმპირებულ პრაქტიკას ასახავს. მის ნაწარმოებებში ჯიბრანი ამხელდა მოძველებულ ადათ-წესებს, ადამიანთა ექსპლუატაციას, აქტიურად იბრძოდა ქალთა უფლებებისათვის ("მოტეხილი ფრთები", 1912, "ვარდა ალ-ჰანი" და სხვ.), ემხრობოდა ლიბანში სოციალური წყობის შეცვლის რევოლუციური-გლეხური ამბოხის გზას ("ურწმუნო ხალილი"), შემდეგ რეფორმისტულს ("მოციქული", 1923). აღსანიშნავია მისი ლექსების ციკლი "პროცესიები" (1919). მის შემოქმედებას ეტყობა ფ. ნიცშეს გავლენა ("ქარიშხლები", 1920). ფილოსოფიური ხასიათისაა მისი ინგლისურენოვანი ნაწარმოებები "იესო - ადამიანის შვილი" (1928), "მიწის ღმერთები" (1931). https://ka.wikipedia.org/wiki/ჯიბრან_ხალილ_ჯიბრანი
წიგნი გამოიცა 2013 წელს. ინგლისურიდან თარგმნა ნინო დოლიძემ. 120 გვერდიანია და ღირს 8 ლარი.