საბინა ჭანტურიას ახალი ჰოლივუდური კლიპი

საბინა ჭანტურიას ახალი ჰოლივუდური კლიპი

01.08.2016

მასალა მოამზადა ნანა ჯანაშიამ

საბინა ჭანტურიას ახალი კლიპი სახელწოდებით „Cry for Me”, რომელიც ჰოლივუდშია გადაღებული, ამჯერადაც არის სიყვარულზე.  მას ლაიტმოტივად გასდევს შემდეგი სიტყვები: „ შენ ვერ იპოვი ჩემსავით გოგოს და რადგან მიდიხარ, იტირე ჩემს გამო...“ კლიპში ლამაზადაა გადმოცემული იმ  წყვილის ისტორია, რომლის ურთიერთობაც მიდის ბოლოსკენ და მიუხედავად მონდომებისა, ამის შეჩერება ხდება შეუძლებელი. ცოტა დრამატულია ეს ყველაფერი და ასეც უნდა იყოს, რადგან სიყვარული არ არის ადვილი და ხშირად არ მთავრდება „ჰეფი ენდით“. ხელოვანი ადამიანის ცხოვრებაში სიყვარული არის ის ძალა, რომელიც ბიძგს აძლევს ახალი შედევრის დაბადებას. ასეა ახალგაზრდა მუსიკოსისა და შემოქმედის საბინა ჭანტურიას შემთხვევაშიც. მუსიკისა და ტექსტის წერისას ხდება ხელახალი გადამუშავება იმისა, რაც თავად  განიცადა. საბინას მიაჩნია, რომ წყვილის დაშორების მთავარი მიზეზი არის ის, რომ  ბოლომდე ვერ უგებენ ერთმანეთს.  საბინას აზრით, არ არის ადვილი იცხოვრო ვინმესთან ერთად. მიაჩნია, რომ მისი კლიპის მსგავსი შინაარსის კლიპებს ამერიკაში ხშირად არა, მაგრამ მაინც იღებენ.  ამბობს, რომ  მადონასაც აქვს ამ უნივერსალური პრობლემის ორიგინალური ინტერპრეტაცია. საბინას ახალი კლიპის რეჟისორს ჩად შოლმაიერს (Chad Schollmeyer)   პროდიუსერ და მსახიობ რაიან ფრენცისს (Ryan Francis) მიაჩნიათ, რომ  კლიპი გამოვიდა საინტერესო, რადგან აღწერილია წყვილის ურთიერთობა დასაწყისიდან დასასრულამდე. საბინას პარტნიორი  რაიან ფრენცისი ცნობილია სერიალიდან  „დები“ („Sisters“), ასევე,  სტივენ სპილბერგის ფილმიდან „პიტერ პენი“ სადაც  რობინ უილიამსთან და დასტინ ჰოფმანთან ერთად თამაშობს. ბუნებრივია, რომ საბინასთვის ასეთი ვარსკვლავების გვერდით საინტერესო იქნებოდა მუშაობა. როგორც მომღერალმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, კლიპის მოსამზადებელმა პერიოდმა ერთი კვირა გასტანა, უშუალოდ გადაღებას კი 2 დღე დასჭირდა. გარდა კლიპისა საბინას ჰოლივუდში ჰქონდა ფოტოსესია და სამი კონცერტი. დაამყარა საჭირო კონტაქტები, მოკლედ, როგორც ამბობს, ყველა სავიზიტო ბარათი ჰოლივუდში დატოვა. 2016 წლის მარტის თვე შვედ-ქართველი მომღერლის საბინა ჭანტურიას  ბიოგრაფიაში შევიდა, როგორც ჰოლივუდში გატარებული მესამე წარმატებული გაზაფხული.  

რაც შეეხება ამერიკას, საბინა ამბობს, რომ ესაა ძალიან კარგი ქვეყანა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს ბიზნესიდეა. მიაჩნია, რომ  აუცილებლად განახორციელებს მას. ამერიკაში დიდი ბაზარია და ინდივიდის განვითარების შესაძლებლობა ბევრად მეტია ვიდრე სადმე სხვაგან. თუ რამეს კარგად აკეთებ, ამერიკა გაძლევს უფლებას, რომ საკუთარ თავს რეკლამა გაუწიო, ხმამაღლა თქვა ამის შესახებ!  საკუთარი თავის ქება კი, მოგეხსენებათ,  ქვეყნების უმეტესობაში მიღებული არ არის.

ამერიკელ ხალხთან კი მომღერალს შემდეგი დამოკიდებულება აქვს - მიაჩნია, რომ ისინი გულღია, კონტაქტური და მეგობრულები არიან. როდესაც იგებენ, რომ არ ხარ ამერიკელი, უფრო პოზიტიურები ხდებიან, ვიდრე მანამდე იყვნენ! ინტერესდებიან იმ ქვეყნით, საიდანაც ხარ ჩამოსული. საბინასადმი კი მათი ინტერესი მას შემდეგ გაორმაგდა, როცა გაიგეს, რომ მომღერალს ორი სამშობლო აქვს შვედეთი და საქართველო (საბინამ  წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ვულოცავთ!).

საბინას ახალ კლიპზე რეაგირება მოახდინეს როგორც შვედურმა, ასევე ქართულმა მედიასაშუალებებმა.  შვედურმა “Halla”-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ მომღერალთან.  კლიპი „Cry for Me” მოხვდა საუკეთესო შვედური კლიპების სიაში: (http://www.musikvideotoppen.se)

თავდაპირველად,  ეს სიმღერა („Cry for Me”) ამერიკულმა რადიომ გააჟღერა, შემდეგ კი შვედურმა და დანიურმა რადიოებმა. საქართველოში „Cry for Me” შეგიძლიათ მოისმინოთ რადიო  „აფხაზეთის ხმაზე“.  საბინასთან ინტერვიუ  ჩაწერა ტელეკომპანია „იბერიამ“ ( გადაცემები: „ეკვალაიზერი“,  წამყვანი: დათო ლომიძე და  „კარამელი“  წამყვანი: ელენე თავაძე).  სიუჟეტები  მომღერლის ცხოვრებაზე მოამზადეს „ Music Box“-მა და „პირველმა რადიომ“. ვრცელი მასალა მოამზადა ჟურნალმა “თბილისელები“.  საბინა ამჟამად თანამშრომლობს მუსიკალურ კომპანია "Sweden Song"-თან.

"არ არსებობს პირველი სიყვარული, არის ძლიერი სიყვარული, რომელიც შლის ყველას, რაც იყო მასზე უწინ..."  ეს ჯიბრან ხალილ ჯიბრანის სიტყვებია. ახალგაზრდა მომღერალ საბინა ჭანტურიას, რომელიც არაჩვეულებრივ მუსიკას და ძლიერ ტექსტებს წერს სიყვარულზე, წარმატებებს ვუსურვებთ პირად და მუსიკალურ ცხოვრებაში.  



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge