გია ნოდია
ღალატის ცნება ძალიან პოპულარულია და მინდა გამოვეხმაურო. ოცდახუთი წელიწადია მესმის: ხან ზვიადს უღალატეს ვიღაცეებმა, ხან ედუარდს, ხან ბიძინას, ახლა აგერ მიშას.
ეს ყველაფერი სისულელეა. პოლიტიკაში პიროვნების ღალატზე ლაპარაკი უსაგნოა. პოლიტიკაში შეიძლება უღალატო ქვეყანას, პრინციპს, საქმეს. პიროვნების ღალატი გამიგია პირად ცხოვრებაში: ღალატობ ცოლს, ქმარს, მეგობარს.
თავის დროზე ზურაბ ჟვანიას და მიშა სააკაშვილს უკიჟინებდა ხალხი, მათ შორის ძალიან სერიოზული „ექსპერტები“: შევარდნაძეს უღალატესო. სრული სიმართლეა, რომ დიდი პოლიტიკის არენაზე ორივე სწორედ შევარდნაძემ გაიყვანა, ამათ კი ჯერ „შეირგეს“ მისი მიცემული თანამდებობი, მერე კი დაუპირისპირდნენ. ესე იგი უღალატეს, ხომ?
ან ჩვენი საყვარელი გიორგი მარგველაშვილი ავიღოთ, ფაქტობრივად ბიძინამ დანიშნა პრეზიდენტად, არჩევნებზე მხოლოდ გაფორმდა ეს ამბავი. მაგრამ როგორც კი გაინაღდა პრეზიდენტობა, „გადაუდგა“ ბიძინას, ანუ რაღაცეებში აღარ დაუჯერა. უღალატა, ხომ?
არა, არავის არავისთვის არ უღალატია. შეიძლება, მარგველაშვილს ჰქონდა და აქვს მოვალეობა ბიძინას მიმართ ადამიანური მადლიერებისა (ისევე როგორც ზურას და მიშას - შევარდნაძის მიმართ), მაგრამ მათი „ერთგულების“, ანუ მათ ჭკუაზე სიარულის ვალდებულება ამ ხალხს არასოდეს ჰქონია (თუ, ცხადია, იერარქიულად არ ექვემდებარება - სანამ მინისტრი ხარ, პრემიერს უნდა დაუჯერო). თუ პოლიტიკას მორალური თვალსაზრისით შევხედავთ (და უნდა შევხედოთ), პოლიტიკოსის ერთადერთი მორალური ვალდებულებაა ემსახუროს ქვეყანას, იმ პრინციპებს, რაც სწორად მიაჩნია. ვინც კარიერაში ხელს წაუკრავს, იმის მიმართ არავითარი პოლიტიკური ვალდებულება არა აქვს. თუ არჩევანი ასეთია: ან „შენს“ ლიდერს გვერდში დაუდგე და ქვეყნისთვის არასწორი რაღაცეები აკეთო, ან სწორი არჩევანი გააკეთო, მაგრამ ლიდერს დაუპირისპირდე, მორალურად ვალდებული ხარ, მეორე გზა აირჩიო. სწორედ პირველი გზა იქნება ქვეყნის ღალატი.
არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მარგველაშვილი ვისი წყალობით გახდა პრეზიდენტი: მას შემდეგ, რაც გახდა, ის მხოლოდ კონსტიტუციის და საკუთარი სინდისის წინაშეა პასუხისმგებელი. არა აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი ვისი წყალობით გახდა თვის დროზე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ან იუსტიციის მინისტრი: თუ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შევარდნაძესთან კონფლიქტი სწორი იყო, ესე იგი მორალურადაც სწორი იყო.
ზუსტად ასევე, 2016 წლის პარლამენტში არჩეულ დეპუტატებს (არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიიდან) მოვალეობის გრძნობა უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ხალხის, კონსტიტუციის, საკუთარი სინდისის წინაშე. ვისი წყალობით გახდნენ დეპუტატები, უკვე არააქტუალური საკითხია. ვინმეს „ღალატზე“ ვინც ლაპარაკობს, არ იცის, რას ლაპარაკობს.
P.S. აქ ნახსენები პოლიტიკოსებიდან რომელია კარგი და რომელი ცუდი, არა აქვს მნიშვნელობა. პრინციპზეა საუბარი.