მარხვაზე, ალეპოზე, ფილლონზე, ნობელზე, ჯეჯელავაზე, პენსიაზე, რუს ოკუპანტზეც...

მარხვაზე, ალეპოზე, ფილლონზე, ნობელზე, ჯეჯელავაზე, პენსიაზე, რუს ოკუპანტზეც...

28.11.2016

მოამზადა ნანა ჯანაშიამ

By Nana Janashia

1.თვენახევრის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს 4 მოქალაქე გაიტაცეს. ბოლო შემთხვევა გუშინ, 27 ნოემბერს მოხდა. რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მიხეილ ხუბულაშვილი გაიტაცეს. ის 18 წლისაა.

P.S. თუ ადრე ლეკიანობა იყო საქართველოში - ახლა რუსიანობაა! "ვაჰ სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა"?

2. ოთხი წელია, რაც ქალაქ ალეპოს, სირიის ოპოზიციური, ამბოხებული ძალები აკონტროლებენ და მხოლოდ გუშინ მოახერხეს სირიის სამთავრობო ძალებმა, რომელსაც ირანის სამხედრო და რუსეთის საჰაერო ძალები უწევენ დახმარებას, ამ ქალაქის  აღმოსავლეთ რეგიონზე კონტროლის დამყარება. მოქალაქეთა ნაწილმა იქაურობა ოპერაციის დაწყებისთანავე დატოვა, ნაწილი კი ალყაშემორტყმულ ქალაქში დარჩა.

P.S ასეთი რა ცოდვა აწვა სირიას?! დასანანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც ამ ომმა შეიწირა!

3.  საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 27 აპრილს გაიმართება, გუშინ კი რესპუბლიკური პარტიის პრაიმერების მეორე ტურში ფრანსუა ფილლონმა ხმების 66 % მოიპოვა. მისი ოპონენტები პრორუსული საგარეო კურსის გამო აკრიტიკებენ. ფრანსუა ფილლონს ალან ჟუპე (სხვადასხვა წლებში საფრანგეთის ყოფილი პრემიერი, მერი, საგარეო საქმეთა მინისტრი)  რუსეთის პრეზიდენტის კანდიდატს უწოდებს. თავად ფილლონი კი აცხადებს, რომ მისი მიზანია საფრანგეთი ევროპის ლიდერ ქვეყანად აქციოს!  რამდენად შესძლებს ამას, მომავალი გვიჩვენებს.

P.S. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით ეს 66%-იანი გამარჯვება მას ხელს ძალიან  შეუშლის... უმჯობესი იყო ხმების 65 ან 67 პროცენტი მიეღო...  :)

4. ეროვნული ბანკის პროგნოზით 2018 წელს პენსია 3%-ით, ანუ 5.4 ლარით გაიზრდება, ანუ პენსია 185.4 ლარი გახდება.

 P.S. აი, ასეთი მცირედია „მოულოდნელი სიხარული“ საქართველოში.

5. სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს, ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართება. წლევანდელი პრემია 953 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

P.S. სტოკჰოლმი არის ნიჭიერების დამფასებელი და ნიჭიერთა ფინანსურად  უზრუნველმყოფელი ქალაქი. ცხოვრებას ომის გარეშე ვუსურვებ მას!

6. დღეს, 28 ნოემბერს შობის მარხვა დაიწყო. მარხვა 40 დღე გაგრძელდება. იგი მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის მოამზადებს. შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. შემდეგ თევზით ხსნილია მხოლოდ 31 დეკემბრის საღამოს და პირველ იანვარს. მორწმუნეებისთვის შემდგომ 7 იანვრამდე მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.

7. განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „კვირის პალიტრასთან“ თქვა: „დღეს ითვლება, რომ მხოლოდ სწავლაა სკოლის მთავარი ფუნქცია. ბავშვმა თუ იცის ფიზიკა, მაგრამ ვერ იტანს მეზობლებს, რა არის ამაში მოსაწონი? ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ მეგობრობას, გვერდში დგომასა და ადამიანობას სკოლაში ვერ ისწავლის.“

P.S. ჩემი აზრით, ამ ადამიანს - ნამდვილად ეკუთვნის ნობელის პრემია!

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge