მოამზადა ნანა ჯანაშიამ
By Nana Janashia
დღეს, 2016 წლის 29 ნოემბერს კოლუმბიაში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 81ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ "ჩაპეკოენსე"-ს ფეხბურთელები (Associação Chapecoense de Futebol), რომლებსაც მედელინში (კოლუმბია) "ატლეტიკო ნაციონალთან" სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ თამაშში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ბოლო ინფორმაციით მხოლოდ 6 მგზავრი გადაურჩა სიკვდილს. კატასტროფის მიზეზად ელექტრო გაუმართაობა სახელდება. თვითმფრინავი სანტა კრუზიდან (ბოლივია) მედელინში (კოლუმბია) მიფრინავდა. ინფორმაცია ABCnews-ზე დაყრდნობით მომზადდა.
საქართველოში კი კატასტროფა ლარმა განიცადა. დღეს, 29 ნოემბერს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.531 ლარი გახდა. ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა და უკვე ერთი ევრო 2.682 ლარი ღირს. მოკლედ, ლარის გაუფასურებამ პიკს მიაღწია.
სოზარ სუბარის თქმით ის ადამიანები, რომლებსაც დოლარში სესხი არ აქვთ ლარის გაუფასურებას ვერ გრძნობენ.
საქართველოს პრემიერ კვირიკაშვილის თქმით 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე სესხი - მხოლოდ ეროვნული ვალუტით გაიცემა. რეგულაცია მიზნად მოსახლეობის დაცვას ისახავს. მეორე სიახლე კი ის იქნება, რომ 2017 წლიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებში სახელფასო ფონდი 10%-ით შემცირდება.
შალვა ნათელაშვილი: „ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და პრემიერმა დღეს უკვე ღიად განაცხადა ონლაინ სესხების აკრძალვის შესახებ. სწორედ ონლაინ სესხების აკრძალვა და კაზინოების ქალაქგარეთ გადატანა იყო ჩვენი საარჩევნო პროგრამის მთავარი პუნქტები.“
და ბოლოს...
საქართველოში ყალბი დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ 2 ყალბი დიპლომი 3500 აშშ დოლარად გაიყიდეს.