სათამაშო

სათამაშო

06.12.2016

ფრანც კაფკამ, ბაღში სეირნობისას, პატარა გოგონა გაიცნო, რომელსაც თოჯინა დაკარგოდა და ტიროდა. მწერალმა გადაწყვიტა სათამაშოს მოძებნაში დახმარებოდა. ფრანც კაფკამ თოჯინა ვერ იპოვა, მაგრამ გოგონას თავისი დაწერილი წერილი გადასცა, რომელშიც თითქოსდა თოჯინა წერდა:

” ჩემო პატარა მეგობარო, გთხოვ უჩემოდ არ მოიწყინო.  მე, სამოგზაუროდ გავემგზავრე. მსურს მთელი მსოფლიო შემოვიარო, ხშირად მოგწერ და გიამბობ ჩემს თავგადასავლებზე.”.

მომდევნო თვეების განმავლობაში მწერალი გოგონას წერილებს უკითხავდა, სადაც, სათამაშო თოჯინა, გოგონას თავის ზღაპრულ თავგადასავლებს უყვებოდა.

შემდეგ, კაფკამ საზღვარგარეთ გამგზავრება გადაწყვიტა. გოგონას კი სათამაშო თოჯინა აჩუქა. ის საერთოდ არ გავდა დაკარგულ სათამაშოს, მაგრამ მასზე იყო წარწერა:” მე დავბრუნდი ჩემო მეგობარო, უბრალოდ მოგზაურობისას გავიზარდე და შევიცვალე”. (მომზადდა ინტერნეტზე დაყრდნობით.)

P.S. წლების წინ, იმ ეზოში რომელსაც თბილისური ჰქვია, თოვლი მოვიდა. თოვლთან ერთად, პატარა ბიჭმა საჩუქრად მწვანე ამწეკრანიანი სატვირთო მანქანაც მიიღო. მანქანა უახლესი იყო, ლონდონიდან ჩამოტანილი. იმდროინდელ უშუქო და უფერულ ცხოვრებას ეს ნივთი ძალიან ალამაზებდა.  ძალიან უყვარდა ბიჭსაც და ოჯახსაც. ეზოშიც ჩაჰქონდა. ერთხელაც, დათოვლილ სკამზე გაატარ-გამოატარა. თოვლი სველი იყო და რადგან ბავშვს თითები მოეყინა - სადარბაზოსკენ გაიქცა, იქ, სადაც დედა ეგულებოდა. სანამ დედამ ხელთათმანები გამოუცვალა, მანქანა სკამიდან გაქრა. ბევრი ეძებეს, მაგრამ ამაოდ. ბიჭმა მოიწყინა. დედა კი წერდა, მაგრამ არ იყო კაფკა!  ამიტომ, მხოლოდ ანუგეშა ბიჭი -ახალს გიყიდიო! ვერ უყიდა, რადგან დრო იყო დუხჭირი! ის მწვანე მანქანა დარდად გაჰყვა ბავშვსაც და დედასაც... By Nana Janashia



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge