ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით გამართული ამერიკისმცოდნეობის მე-18 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიღების 230-ე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა დღეს, 13 მაისს დასრულდა.
კონფერენციაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 140-მდე წარმომადგენელი - პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობენ. მოხსენებების თემატიკამ კი ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფერო მოიცვა. ჩვენთან საუბრისას ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვასილ კაჭარავამ აღნიშნა, რომ წლევანდელი კონფერენციის ხარისხი იყო ძალიან მაღალი. კონფერენციის მონაწილეთა მოწონება დაიმსახურა სკოტ ჰენვუდის („Hall Booth Smith”-ის უფროსი პარტნიორი) მოხსენებამ შეეერთებული შტატების კონსტიტუციის ევოლუციაზე, ასევე ალფრედ ჰორნუნგის (იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორი, ობამას ინსტიტუტის დირექტორი) პრეზენტაციამ სახელწოდებით: „ბარაკ ობამა და მისი სიტყვა „მეტად მნიშვნელოვანი კავშირი“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. მათ შორის გამოირჩეოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი, ამავე უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი ბელა თინიკაშვილი და სხვები.
ამერიკისმცოდნეობის თვრამეტივე კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონკრეტულად კი ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით დაიგეგმა და ჩატარდა. თითოეული მათგანი იყო წარმატებული, წარმომადგენლობითი და ამერიკისთვის განსაკუთრებულ თარიღებს ეძღვნებოდა.
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი