ნანა ჯანაშია / Nana Janashia
თურმე, საქართველოში ზეთისხილის ნერგები 10-12 სანტიმეტრით უფრო მაღალი იზრდება ვიდრე თურქეთში. ნაყოფიც უფრო ხარისხიანი ყოფილა, რადგან მისი კანი თურქულზე უფრო თხელი აღმოჩნდა, კურკა კი - უფრო პატარა. თუ მსოფლიოში 4-5 კილო ზეთისხილიდან 1ლიტრამდე ზეთი გამოდის, იგივე რაოდენობას საქართველოში 3 კილო ზეთისხილიდან ღებულობენ. ერთადერთ საფრთხეს ამ მცენარისთვის მხოლოდ 12 გრადუსიანი ყინვა წარმოადგენს, ისიც იმ შემთხვევაში თუ 50 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ქართული ზეთისხილის კულტურის აღორძინებაზე ზრუნვა 7 წლის წინ, მისი უწმინდესობის, პატრიარქის და ქართული დიასპორის თანადგომით ჰოლანდიურ–თურქული ინვესტიციით დაუწყიათ. თურქულ მხარეს წარმოადგენს წარმოშობით ქართველი ახმედ კაჰრამანი. მასთან საუბრისას გავიგეთ, რომ ზეთისხილის პირველი პლანტაცია კახეთში 300 ჰექტარზე გაუშენებიათ, სადაც 250 ათასი ზეთისხილის ნერგი დაურგავთ. საქართველოში პირველი ზეთისხილის საწარმოც კახეთში, კერძოდ კი სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში გაუხსიათ.
მეწარმეებს ზეთისხილის რთველი შარშან დეკემბრში ჰქონიათ. ნაყოფიდან ზეთის მიღება რთველიდან 2-3 თვეში დაუწყიათ. კომპანია წელს 40 ტონა ქართული ზეითუნის ზეთის გამოშვებას გეგმავს. 25 მაისიდან .„ქართული ზეთისხილი“ Carrefour-ის ქსელშია გაყიდვაში. „ქართული ზეთისხილი“ ამ ქსელში 250 გრამიანი, 500 გრამიანი და 1 მილილიტრიანი შეფუთვითაა წარმოდგენილი. მწარმოებლის აზრით ქართული წარმოების ზეთისხილი იმპორტირებულთან შედარებით იაფია, ხარისხით კი უფრო მაღალი.
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა - გაყიდვაზე ბატონი ახმედ კაჰრამანი მეუღლესთან, ქალბატონ აიშე კაჰრამანთან ერთად მონაწილეობდა.