ამერიკა დღეს ჯონ კენედის 100 წლისთავს ზეიმობს

ამერიკა დღეს ჯონ კენედის 100 წლისთავს ზეიმობს

30.05.2017

ნანა ჯანაშია

Nana Janashia

კენედების ირლანდიურ-ამერიკულ ოჯახში პირველი მსოფლიო ომის დროს, კონკრეტულად კი 1917 წლის 29 მაისს ბიჭი - სახელად ჯონი, დაიბადა. მან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით და  რადგან მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო, წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა. იქიდან ლეიტენანტის წოდებით, ორი მედლით და მძიმე ჭრილობით დაბრუნდა, რომლის გამოც 1955 წელს ხერხემლის უმძიმესი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ომის შემდეგ  ჯონ კენედი გახდა დემოკრატიული პარტიის წევრი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრი მასაჩუსეტსიდან. ანუ იმ შტატიდან, რომელიც მისი მშობლიური იყო.1953 წლის 12 სექტემბერს მან იქორწინა 12 წლით უმცროს ჟურნალისტ ჟაკლინ ბუვიერზე, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილიზე, როგორც მშვენიერი „ჯეკი“. 1955 წელს ხერხემლის ოპერაციის შემდეგ კენედი დიდიხანს იყო საწოლს მიჯაჭვული და მან ეს დრო გონივრულად გამოიყენა, დაწერა კრებული „სიმამაცის სახეები“ (Profiles in Courage)  და  პულიცერის პრემია მოიპოვა.  1960 წლის არჩევნებში კენედიმ  მცირე სხვაობით მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და რესპუბლიკელების  კანდიდატი რიჩარდ ნიქსონი დაამარცხა და 43 წლის ასაკში ამერიკის პრეზიდენტი გახდა. მას დღემდე ამერიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და საყვარელი პრეზიდენტის სახელი აქვს. ასევე ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც  პულიცერის პრემია გადაეცა.

კენედის პრეზიდენტობის დროს (1961-1963), კერძოდ კი 1962 წლის ოქტომბერში,  აშშ და სსრკ  ატომური ესკალაციის ზღვარზე იყო მისული. კარიბის კრიზისად წოდებულ პერიოდში აშშ-სა და სსრკ-ს შორის იმდენად დაძაბული ურთიერთობა იყო, რომ ატომური ომის დაწყებას ვარაუდობდნენ. კენედის დროს საბჭოთა კავშირთან ცივმა ომმა პიკს მიაღწია. ამ ცივი ომის სიმბოლოდ იქცა 1961 წელს აშენებული ბერლინის კედელი, რომელიც მხოლოდ 1989 წელს დაანგრიეს. ასევე ვიეტნამის ომის ადრეული ეტაპი, რომელსაც ამერიკის ომს ეძახდნენ, რადგან  ამერიკა იბრძოდა სამხრეთ ვიეტნამის, სამხრეთ კორეის და ავსტრალიის მხარეზე, ხოლო საბჭოთა კავშირი  ჩინეთთან ერთად  ჩრდილოეთ ვიეტნამს უწევდა სამხედრო დახმარებას (კონფლიქტში ღიად ჩარევის გარეშე). (ვიეტნამის ომის დასაწყისად მიჩნეულია 1959 წლის 30 აპრილი, თუმცა, ოფიციალურად 1964 წელს ასახელებენ და ის გაგრძელდა 1975 წლამდე).

მოკლედ, კენედი არ იყო სხვათათვის იოლად სამართავი პრეზიდენტი და ამიტომაც 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მოკლეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილად ვინმე ლი ჰარვი ოსვალდი დასახელდა, რომელიც

სასამართლოს წინაშე წარდგენამდე დალასელმა  ჯეკ რუბიმ მოკლა. FBI-ის, უორენის კომისიის და წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის დასკვნებით პრეზიდენტის მკვლელი ოსვალდი იყო.  წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა სადავო აკუსტიკურ სამხილებზე დაყრდნობით შეთქმულების ალბათობა არ გამორიცხა.P.S. აი, ასე ამოეფარა ოსვალდ-რუბს კენედის მკვლელობის  შემკვეთი. შერჩა?! არ შერჩა?! საკითხავი აი, ეს არის! 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge