დევნილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების გასამტკიცებლად გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს რეზოლუცია ატარებს ჰუმანიტარულ ხასიათს და ეფუძნება გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებს იძულებით გადაადგილების შესახებ. რეზოლუცია ადასტურებს დევნილთა უფლებას უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა და ხაზს უსვამს მათი საკუთრების დაცვის აუცილებლობას.
რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას. (By N.J.)