25 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ულამაზესი ეზო მანტიებში გამოწყობილმა სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა უფრო გაალამაზეს. საქმე იმაში გახლდათ, რომ ბაკალავრიატის საფეხური თსუ 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ეს ფაქტი მათთან ერთად აღნიშნეს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, აკადემიური საბჭოს წევრებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. უნივერსიტეტის 95-ე გამოშვებას თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„ დღეს განსაკუთრებული დღეა, როგორც ჩვენი კურსდამთავრებულების, ასევე, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენ ერთი რამ გვაერთიანებს - ყველანი ვართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. 3000-მდე ახალი სპეციალისტი შეემატა ჩვენს ქვეყანას. ბევრი თქვენგანი დასაქმდება, ბევრს სურს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება. ყველას ვუსურვებ წარმატებებს. ახალი სუნთქვით, ახალი მზერით უნდა შეხედოთ ცხოვრებას. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ უნიკალური კურსდამთავრებულები - უნივერსიტეტის 95-ე გამოშვება. მჯერა, რომ „კლასი 2017“ იქნება წარმატებული!“
გთავაზობთ ჩვენი ფოტოკორესპონდენტის მიერ მომზადებულ ფოტორეპორტაჟს უნივერსიტეტში გამართული საზეიმო ღონისძიებიდან: