საერთაშორისო სემინარი თსუ-ში სამხრეთ ოსეთის - ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის შესახებ

საერთაშორისო სემინარი თსუ-ში სამხრეთ ოსეთის - ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის შესახებ

03.11.2017

ნანა ჯანაშია  / Nana Janashia

საერთაშორისო სემინარი სტუდენტებისთვის ე. წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შესახებ, რომელიც თსუ-ს,  მალმოს (შვედეთი)  და ფლინდერსის  უნივერსიტეტების (სამხრეთ ავსტრალია) ჩართულობით  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1- 3 ნოემბერს  ჩატარდა, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა შთამბეჭდავი რაოდენობა დაესწრო. საერთაშორისო სემინარის თბილისში ჩატარების იდეამ ქართველი სტუდენტების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.  სემინარის მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა მოდელირების მეთოდი, რომელიც დასავლეთის უნივერსიტეტებში დიდი ხანია აპრობირებულია.   განსხვავებით ჩვენი უნივერსიტეტისა მალმოს და ფლინდერსის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამა წლებია  ითვალისწინებს ამ მეთოდით სწავლებას.  საერთაშორისო სემინარის თბილისში ჩატარების იდეამ ქართველი სტუდენტების მხრიდან ინტერესი გამოიწვია. ფიქრობენ, კარგი იქნება თუ  სამომავლოდ თსუ  მოდელირების (სიმულაციის) მეთოდის გამოყენებით სემინარების ჩატარებას სასწავლო პროგრამაში შეიტანს. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ პრობლემის არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული სწავლებაც უნდა ხდებოდეს.

 1-3 ნოემბერს თსუ-ში გამართული საერთაშორისო სემინარის მონაწილე სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის  კონფლიქტის საზღვრისპირა რაიონში, კეძოდ კი ვერხვების კოტეჯების დასახლებაში ჩავიდნენ და ადგილზე შეისწავლეს მოსახლეობის მდგომარეობა. პირველი შეხვედრა მათ შიდა ქართლის „სამოქალაქო ფორუმის“ ოფისში ჰქონდათ, მეორე კი დევნილთა დასახლების სათემო ცენტრში, სადაც სემინარის მონაწილე ქართველ, უცხოელი სტუდენტებს და პროფესორებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM)  წარმომადგენლები და დევნილები შეხვდნენ.

საერთაშორისო სემინარის მიმდინარეობისას სტუდენტები შემდეგ ჯგუფებად იყვნენ დაყოფილები:  დევნილებად, EUMM-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ლოკალური და საერთაშორისო მედიის, სამოქალაქო სექტორის,  ხელოვნებისა და კულტურის სფეროს  წარმომადგენლებად.  თითოეული ეს ჯგუფი მუშაობდა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს  კონფლიქტის გადაწყვდეტა.

როდესაც სტუდენტი  პრობლემების მთელ სპექტრს სწავლობს, ხდება ამ სფეროს ისეთი სპეციალისტი, რომელსაც თეორიულთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც აქვს.   სიმულაციის მეთოდის გამოყენებით  და პრაქტიკაზე დაყრდნობით სტუდენტები უკეთ ახერხებენ  პრობლემაში გარკვევას. ერთ-ერთი სიმულაციის დროს საქართველოს პრემიერი შეხვდა დევნილებს, EUMM-ის წარმომადგენლებს კი  შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თითოეულიმა ჯგუფმა შეისწავლა და მოამზადა  კონფლიქტის    გადაწყვეტასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. საერთაშორისო სემინარს ესწრებოდნენ თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე,  მალმოს უნივერსიტეტის კულტურისა და საზოგადოების ფაკულტეტის დეკანი რებეკა ლეტევალი, პროფესორები კარინა ვამლინგი და ოსკარ ჰენერი, ენებისა და ენათმეცნიერების კათედრის გამგე ტერეზა ტომასევიჩი, ხელოვნების და კომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი ჰიუგო ბუთბი,  მაიკლ რუნდბერგი და სხვები. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სემინარის მუშაობაში ჩართული იყო „სამოქალაქო ფორუმის“ წარმომადგენელი გურანდა ბურსულაია.

საინტერესო პრეზენტაციები ჰქონდათ ირანელ კონორ ეშლეიგს,

 ფლინდერსის უნივერსიტეტის სტუდენტებს  სუზან შეჩს, მარიანა კელტონს და ვერიტი კინგსმაილს,  ქართველი სტუდენტებიდან გამოირცეოდნენ თინა ცხოვრებაძე, მარიამ ხუროშვილი და გიორგი ომსარაშვილი.

სემინარის მონაწილეებს კულტურული პროგრამა ჰქონდათ მცხეთაში და ძველ თბილისში.

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge